
აშშ-ის კონგრესის სენატმა პრეზიდენტ ობამას მიერ წარმოდგენილი ეშტონ კარტერი პენტაგონის ხელმძღვანელად დაამტკიცა. 60 წლის კარტერი აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
2009-2011 წ.წ. კარტერი შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შესყიდვას ხელმძღვანელობდა, ასევე სათავეში ედგა მეხუთე თაობის გამანადგურებლის F-35-ის შეიარაღებაში მიღების პროგრამის რესტრუქტურიზაციას.
კარტერი გამოდიოდა აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის, ახალი შეიარაღების ფასების დაწევისა და უახლესი ტექნოლოგიებით ჯარის აღჭურვის წინადადებებით. წინასწარი მოსმენების დროს მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა მოგვიანებით დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე.
კარტერი მეოთხე თავდაცვის მინისტრია, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ინიშნება.
კარტერის გაკეთებული განცხადებების მიხედვით ცნობილია მისი თვალთახედვა: ის მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა მისცეს საშუალება რუსეთს, განიხილოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, მათ შორის, უკრაინა, როგორც თავისი განსაკუთრებული ინტერესების ზონა. ის ასევე ამბობდა, რომ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის ისეთ პარტნიორებს, როგორებიც არიან მოლდოვა, საქართველო და უკრაინა, დაეხმარება განავითარონ შესაძლებლობები უსაფრთხოებისა და ნატოსთან სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის სფეროში.
ამ განცხადებებამდე კარტერი ხაზს უსვამდა, რომ გამოვა წინადადებით, გაეზარდოს სამხედრო დახმარება უკრაინას, მათ შორის ლეტალური იარაღის ჩათვლით, პრორუსი ბოევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად.