
რუსული გამოცემების ცნობით, პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა დანაშაულის ნიშნები 81 წლის ქალის მოქმედებაში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთერთი სუპერმარკეტიდან სამი შეფუთვა კარაქის ქურდობის ბრალდებით პოლიციაში გადაიყვანეს და ნერვიულობისგან გულის შეტევით გარდაიცვალა.
„ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ გასასვლელში, გადაუხდელი პროდუქტის აღმოჩენის შემდეგ მოხუცი ქალი იქვე ითხოვდა სალაროში ანგარიშის გასწორებას, მას ხელები უკანკალებდა, მაგრამ მაღაზიის თანამშრომლებმა გადახდის საშუალება აღარ მისცეს და პოლიცია გამოიძახეს“, - ამბობენ პროკურატურის პრესცენტრში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სანკტ-პეტერბურგის ერთერთ ცნობილ სუპერმარკეტ "მაგნიტში", გასასვლელში სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ 81 წლის ქალი დააკავეს, რომელსაც დათვალიერებისთვის განკუთვნილ ოთახში ჩხრეკისას სამი შეფუთვა ნაღების კარაქი, სულ 300 რუბლის (დაახლოებით 9.50 ლარი) ღირებულების პროდუქტი აღმოუჩინეს, რის შემდეგაც, სუპერმარკეტის დირექტორის დაჟინებული მოთხოვნით, პოლიცია გამოიძახეს.
ქალბატონი პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე შეუძლოდ გახდა, ადგილზე ჯერ სასწრაფო დახმარების, შემდეგ კი რეანიმაციის ბრიგადა გამოიძახეს, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა: ქალბატონი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
მისი ვინაობის დადგენა მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. ამაში პოლიციას ორგანიზაცია „ბლოკადაგამოვლილი მოქალაქეები“ დაეხმარა. როგორც გაირკვა, ქალბატონი იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც ლენინგრადის ბლოკადა გამოაიარა და გადარჩა.