-
2015-02-04 22:09
„ნიუსრუ.ქომ“-ის არქივში შემონახულია სტატია, რომელიც 2008 წლის აპრილშია გამოქვეყნებული. სტატიიდან ირკვევა, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას ჯერ კიდევ 2008 წელს გეგმავდა.
„2008 წლის დასაწყისში ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს დახურულ სხდომაში. სხდომა 4 აპრილს გაიმართა და მასზე პუტინმა ყველას ცხადად უთხრა, რომ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაში უკრაინა შეწყვეტდა არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
„კომერსანტს“ მოჰყავს ვლადიმირ პუტინის პოზიცია, რომელიც აცხადებდა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების ან სამიტზე მისთვის მაპის მინიჭების შემთხვევაში რუსეთი აღიარებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ამით შექმნიდა ბუფერულ ზონას რუსეთსა და საქართველოს შორის.
პუტინმა სხდომაზე დაადასტურა, რომ მოსკოვი ნატოს მიახლოებას რუსეთის საზღვრებთან აღიქვამს, როგორც საფრთხეს რუსეთისთვის და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. მან თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისას რუსეთი კოსოვოს მაგალითს დაეყრდნობა.
„სხვათა შორის, რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს შესახებ აბსოლუტურად მშვიდად საუბრობდა. მაგრამ როცა საქმე მიდგა უკრაინაზე, ის წამოენთო, - უყვება „კოემრსანტს“ ნატოს წევრი ქვეყნის დელეგაციის ერთერთი წევრი, - „შენ ხომ იცი, ჯორჯ, რომ უკრაინა სახელმწიფოც კი არ არის? რა არის უკრაინა? მისი ტერიტორიის ნაწილი აღმოსავლეთ ევროპაა, ნაწილი კი ჩვენ ვაჩუქეთ!“
- და მან იქვე სრულიად ცალსახა მინიშნება გააკეთა, რომ თუ უკრაინას მაინც მიიღებენ ალიანსში, ეს ქვეყანა შეწყვეტს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ანუ, პუტინი, ფაქტობრივად, დაიმუქრა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაიწყოს ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ჩამოჭრა უკრაინის ტერიტორიიდან“.
