
სომხეთის ქალაქ გიუმრიში შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილები შეჰყავთ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცის მიერ დაჭრილი ავეტისიანების ოჯახის მეშვიდე წევრი, 6 თვის ჩვილიც გარდაიცვალა.
სერჟ ავეტისიანი ერთადერთი იყო, ვინც ვალერი პერმიაკოვის მიერ ავეტისიანების ოჯახის წევრების დაცხრილვის შემდეგ გადარჩა. სასწრაფო ოპერაცია, რომელიც მას კონსილიუმის შემდეგ ჩაუტარეს, ამაო აღმოჩნდა ჩვილის სიცოცხლის გადასარჩენად.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ დანაშაული მოკლე ხანში იქნება გამოძიებული, თუმცა, არაფერი უთქვამს სომხეთის მოქალაქეების მთავარ მოთხოვნაზე, პერმიაკოვის მიერ ჩადენილი დანაშაულის სომხური მხარისთვის გამოსაძიებლად გადაცემისა და სასჯელის სომხეთში მოხდის შესახებ.