წინასწარი ინფორმაციით, რუსული მხარე უარზეა, ვალერი პერმიაკოვის (გიუმრიში მდებარე 102-ე რუსული ბაზის ჯარისკაცი, რომელმაც ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დახოცა) დანაშაული სომხეთმა გამოიძიოს, რასაც დემონსტრანტები გიუმრიში და ერევანში კატეგორიულად მოითხოვენ.
"ან სომხური სასამართლო, ან წაეთრიეთ სომხეთიდან!", - ასეთი შინაარსის პლაკატი გაჩნდა გიუმრიში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის მსვლელობისას, ხოლო დემონსტრანტთა ნაწილმა ავეტისიანების ოჯახის წევრების დაკრძალვის შემდეგ 102-ე რუსული ბაზის შესასლელთან რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოაგდეს.
რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის კორდონი იყო ორგანიზებული, შეტაკებების დროს 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი პოლიციელი.
სომხურ და რუსულ მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, რუსი სამხედრო პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს სომხეთი ვერ გამოიძიებს იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული უშუალოდ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდა ან თუ საქმე ეხება სამხედრო დანაშაულს. რუსული მხარე აცხადებს, რომ პერმიაკოვმა სწორედ ბაზაზე ჩაიდინა პირველი დანაშაული, როცა ის თვითნებურად დატოვა და იარაღი მიითვისა, აქედან გამომდინარე, სომხურ მხარეს არა აქვს უფლება, ეს დანაშაული გამოიძიოს.
პარლამენტარმა მარტუნ გრიგორიანმა გიუმრის საპროტექსტო აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ რუსეთთან შედგა შეთანხმება, შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც დარწმუნდება, რომ პერმიაკოვი კვლავ სომხეთში იმყოფება. დეპუტატმა პირობა დადო, რომ რუსი ჯარისკაცის სომხეთში ყოფნის დამამტკიცებელ ვიდეო და ფოტო მასალას წარადგენს.
სომხეთის გენერალურმა პროკურორმა გიუმრიში დემონსტრანტების დამშვიდება სცადა და მათ დაშლისაკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეებმა კოსტანიანს ბრალდებებით და აგრესიით უპასუხეს. სომხური ეკლესიის შირაქისა და გიუმრის ეპისკოპოსმა მიქაელ აჯაფახიანმა გენპროკურორის გადადგომა მოითხოვა.