
წარმავალი 2014 წელი უამრავი ცნობილი პიროვნებისა და მათი მილიონობით თაყვანისმცემლისთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ წელს მათ თავიანთი ბედი საყვარელ ადამიანებს დაუკავშირეს.
2014 წელს ამერიკული მეგაშოუს ვარსკვლავი, მსახიობი და ფოტომოდელი კიმ კარდაშიანი მესამედ დაქორწინდა - მისი რჩეული რეპერი კანე უესტია.
წყვილმა საქორწინო ცერემონიისთვის ფლორენციაში მდებარე, მე-16 საუკუნის ბელვედერეს ციხე-სიმაგრე შეარჩია. როგორც რეპერმა აღნიშნა, აქ მათი ქალიშვილი ჩაისახა.
საქორწინო სამზადისი საკმაო ხანს გაუგრძელდათ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს.
მსახიობებმა ნიშნობა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ - 2012 წლის აპრილში გადაიხადეს, საქორწინო ცერემონიალი კი 23 აგვისტოს საფრანგეთში გაიმართა. წყვილს 6 შვილი ჰყავს, რომელთაგან სამი - მათი ბიოლოგიური შვილი არ არის.
13-თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს ამერიკელმა მომღერალმა ეშლი სიმპსონმა და მსახიობმა ევან როკამ. ეშლისთვის ეს მეორე ქორწინებაა, ევანისთვის კი - პირველი.
2014 წლის ნოემბერში ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა, მსახიობმა მარკ ენტონიმ როგორც იქნა ვენესუელელი მოდელი შენონ დე ლიმა ცოლად მოიყვანა.
წყვილმა ერთმანეთი 2012 წლის დასაწყისში გაიცნო, თუმცა შეხვედრიდან 10 თვეში ერთმანეთს დაშორდნენ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მოდელსაც და მსახიობსაც სხვა პარტნიორები ჰყავდათ, ისევ განაახლეს ურთიერთობა და ბოლოს დაქორწინდნენ.
შენონ დე ლიმა მარკ ენტონისთვის მესამე ცოლია. მას წინა ორი ქორწინებიდან 6 შვილი ჰყავს, მათ შორის ტყუპები ჯენიფერ ლოპესთან. ლიმა კი ერთ ვაჟს ზრდის.
ჰოლივუდის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, არატრადიციული ორიეტაციის მქონე ჯუდი ფოსტერმა ტელემსახიობსა და ფოტოგრაფ ალექსანდრა ჰედისონზე მიმდინარე წლის აპრილში იქორწინა.
ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და დიზაინერი, ჯესიკა სიმპსონი ყოფილ ფეხბურთელ ერიკ ჯონსონს გაჰყვა ცოლად. მათი ქორწინების საზეიმო ცერემონიალი 5 ივლისს გაიმართა. წყვილი 4 წლის მანძილზე ხვდებოდა ერთმანეთს და ორი შვილი ჰყავთ - ქალიშვილი მაქსველ დრუ და ვაჟი - ეინს კნუტე ჯონსონი.
მსახიობ ჯორჯ ქლუნიზე უიმედოდ შეყვარებული ქალებისთვის 2014 წელი საბედისწერო აღმოჩნდა. ჰოლივუდის მთავარი მექალთანე როგორც იქნა დაოჯახდა. ქლუნის რჩეული ლიბანური წარმოშობის ლონდონელი ადვოკატი ამალ ალამუდინია.
წყვილმა ცნობისმოყვარე თვალთაგან ფარულად ვენეციაში დაიწერა ჯვარი. ორგზის ოსკაროსანი მსახიობი და ადვოკატი 2013 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, 53 წლის მსახიობმა დაასკვნა - „ოჯახში ერთი ადვოკატი საჭიროაო“ და 27 სექტემბერს 36 წლის ალამუდინზე იქორწინა.
7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ურთიერთობა დაიკანონეს სპორტსმენებმა ფიგურულ სრიალში რომან კოსტომაროვმა და ოქსანა დომინამ. მათ 2011 წელს შვილი შეეძინათ. 2013 წელს მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა 2014 წლის თებერვალში შერიგდნენ და ჯვარიც დაიწერეს.
იტალიელმა მომღერალმა ეროს რამაზოტიმ და მისი დიდი ხნის სიყვარულმა, მარიკა პელეგრინელიმ 21 ივნისს იქორწინეს. წყვილი ქალიშვილს, რაფაელოს ზრდის.
ეროს რამაზოტის პირველი ქორწინებიდან კიდევ ერთი ქალიშვილი, 17 წლის ავრორა ჰყავს. მომღერალი შვეიცარიელ მსახიობსა და მოდელზე, მიშელ ჰუნციკერზე იყო დაქორწინებული.
ბრიტანული თეატრის და კინოს მსახიობმა ტომ ჰარდიმ მსახიობ შარლოტა რაილიზე 2014 წლის ივნისში იქორწინა. წყვილი 2009 წლიდან ხვდება ერთმანეთს.
მსახიობი და ფოტომოდელი პამელა ანდერსონი იანვარში ხელმეორედ გაჰყვა ცოლად თავის ყოფილ ქმარს, მსახიობ რიკ სალომონს. წყვილი პირველად 2007 წელს ლას-ვეგასში დაქორწინდა, თუმცა მათი თანაცხოვრება მხოლოდ ორი თვე გაგრძელდა.
პამელამ და რიკმა ურთიერთთობა 2013 წელს განაახლეს და 2014 წელს დაქორწინდნენ, თუმცა ვრცელდება ჭორი, რომ პამელა ისევ განქორწინებას აპირებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ამერიკელმა მსახიობმა, კომპოზიტორმა და ფოტომოდელმა ლეიტონ მისტერმა და მსახიობმა ადამ ბრიდიმ თებერვალში ჩუმად დაიწერეს ჯვარი.
ამერიკელი მსახიობი ლიზა ედელშტეინი, რომელიც სერიალ „დოქტორ ჰაუსიდან“ ლიზა კადის როლით არის ცნობილი, 25 მაისს მხატვარ რობერტ რასელს გაჰყვა ცოლად.
სკარლეტ იოჰანსონმა და ჟურნალისტმა რომენ დორიაკმა 1 ოქტომბერს იქორწინეს. წყვილი ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდა. ცოლ-ქმარს უკვე ქალიშვილიც ჰყავს - როუზ დოროთი დორიაკი 2014 წლის სექტემბერში მოევლინა ქვეყანას.