-
2014-12-01 23:25
ABC ნიუსში გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალურმა ბიურომ კვირას ამერიკელი სამხედროები სერიოზულად გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები ამზადებენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელი შეტევის ალბათობას აძლიერებს კანადაში გასულ თვეს მომხდარი ინციდენტი, როცა ორი კანადელი ჯარისკაცი იმ ტერორისტებმა მოკლეს, რომლებმაც საკუთარ თავს ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს მიმდევრები უწოდეს.
ფედერალური ბიუროს ცნობით, მიმდინარეობს ტერორისტების მიერ კონკრეტული პირების მოძიება, რომლებიც მზად იქნებიან, თავს დაესხან ამერიკის მოქმედ თუ ყოფილ სამხედრო ბაზებს.
იმ დღეს, როცა ამერიკამ ერაყსა და სირიაში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმები წამოიწყო, ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელმა აბუ მოჰამედ ალ-ადნანიმ ამერიკაში მცხოვრებ მუსლიმებს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმისკენ მოუწოდა.
„ნუ ითხოვთ ვინმესგან რჩევას ან ვერდიქტს. მოკალით ურწმუნოები, განურჩევლად იმისა, სამხედროები არიან ისინი თუ სამოქალაქო პირები, რადგან ორივე მათგანი ურწმუნოა.“ - განაცხადა ადნანიმ თავის აუდიომიმართვაში.
წყარო: ABC ნიუსი - მეგან ჩაჩმაჩი და ლიი ფერანი. საიტისთვის მოამზადა ბექა ბერულავამ.