-
2016-06-19 05:28
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცნობი პირები "რუსთავი-2"-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, როცა ოპერატორი და ჟურნალისტი ინტერვიუს იწერდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ჩიორა თაქთაქიშვილთან. ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თავდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია.
ინფორმაციას პარლამენტის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" მეშვეობით ავრცელებს. მისი თქმით, თავდამსხმელი განგებ მივიდა მათთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დეპუტატსა და ჟურნალისტებს, შემდეგ კი ოპერატორს სასტიკად სცემა. ჩიორა თაქთაქიშვილის სიტყვებით, თავდასხმაში ქალებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ცდილობდნენ გაეკავებინათ და ტელეფონები წაერთმიათ მისთვის და ჟურნალისტისთვის, რათა მათ ფოტოები არ გადაეღოთ.
"ამ წვერიანმა ველურმა აეროპორტში მე და რუსთავი2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს გვაგინა, სპეციალურად ამ მიზნით მოვიდა ჩვენთან და მერე სასტიკად სცემა ოპეტატორს!!
და ეს ქალები კიდევ გვეცნენ მე და ჟურნალისტს, ხელებს გვიკავებდნენ, რომ ტელეფონი წაერთმიათ და სურათი არ გადაგვეღო!! ამ ნაძირალამ სასტიკად ცემა ოპერატორი. საშინლად ვგრძნობ თავს, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ ჟურნალისტები!! თან რის გამო??!! რომ იუნტერვიუს იღებდნენ. ეს არის მათი დანაშაული???!!!!
ახლა დაკავებული არიან ეს ველურები.
მე კარგად ვარ! არ ინერვიულოთ", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.
თავდასხმას "ფეისბუქზე" შსს-სადმი მიმართვით გამოეხმაურა "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:
"მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა", - წერს გვარამია.
