-
2015-10-26 11:15
დღეს დილიდან "ქართული ოცნების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისის კარზე და ფანჯრებზე ცოცხებია მიმაგრებული. სავარაუდოდ, ცოცხები გვიან ღამით, ეკა კვესიტაძის "განსხვავებული აქცენტების" ეთერში გასვლის შემდეგ მიამაგრეს.
ოფისზე ცოცხების მიმაგრების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს "გურიის მოამბე" ავრცელებს: "ადგილზე მისულ "გურიის მოამბეს" მხოლოდ ცოცხები და ცარიელი ოფისი დახვდა. ჯერჯერობით არ გაკეთებულა განცხადებები "ქართულ ოცნებაში". ადგილზე არც სამართალდამცავები იმყოფებიან", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გუშინ გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები" გამოქვეყნდა ე.წ. ციხის კადრების აქამდე უცნობი ნაწილი, სადაც ჩანს, რომ 2012 წელს გავრცელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების ნაწილი დადგმულია, ხოლო პატიმართა მწამებლად თავად პატიმრები უშუალოდ ლადო ბედუკაძეს ასახელებენ, რომელიც ამ კადრებს ვიდეოკამერით იღებდა.
ლადო ბედუკაძე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ინიციატივით გათავისუფლდა, მას დღეს რამდენიმე პირადი მცველი ჰყავს და შსს-ს ბალანსზე მყოფი ავტომანქანა "შკოდა" ემსახურება.