შსს: რომან შამათავამ პაატა ქარდავას ფეხზე ბეტონის ნატეხი გამოაბა, ზღვაში ნავით შეიყვანა და ერთი გასროლით მოკლა

Image

შსს-ში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა და ქვეყნის შინაგანმა უწყებამ ე.წ. ხურჩის ტერაქტის გამო დაკავებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას ბრალი დაუმძიმდება: ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 

 

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია:

 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგენილია: 

 

2008 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს დაავალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ქ.ბათუმში ჩაყვანა.

 

მიღებული დავალების შესაბამისად, 2008 წლის 27 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში არსებული ფოსტის შენობის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს პაატა ქარდავას, რომელიც გადაადგილდებოდა პირად სარგებლობაში არსებული "მერსედესის" მარკის ავტომანქანით და წაიყვანეს ქ. ფოთის მიმართულებით.

 

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა გადასვეს ,,ნივის" მარკის ავტომანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში, სადაც გადასცეს რომან შამათავას და მის თანამზრახველებს, ხოლო პაატა ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს თანამშრომლებმა კვალის არევის მიზნით დატოვეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში.

 

რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა გადაიყვანეს ბათუმში და მიიყვანეს შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაატა ქარდავას, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს.

 

რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო.

 

ჩადენილი დანაშაულისთვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

 

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო", - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში. 

 

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით და 109 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. 

 

ამასთან, რომან შამათავა უკვე დაკავებულია ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმესთან დაკავშირებით. 
შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში ორი სამგზავრო ავტობუსის აფეთქება რომან შამათავას ორგანიზებით მოხდა. მასალების მიხედვით, ააფეთქეს ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისთვის ზუგდიდში უნდა გადაეყვანა.

 

აფეთქებამ გამოიწვია მოსახლეობის დაპანიკება და დაიჭრა ერთ-ერთი ადგილობრივი. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

"საქართველოს მოსახლეობის 60% უკვე კოვიდგადატანილია" - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს

2021-11-15 15:22
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საგანგაშო კვლევის შესახებ საუბრობს და...

"მოითხოვეთ პირდაპირი ეთერი" - ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს

2021-11-15 15:01
ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და სოციალურ ქსელშიც აქტიურად...

100K გამომწერი - ნინო ჩხეიძემ YouTuBe-სგან ჯილდო მიიღო

2021-09-24 18:32
ქართველმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ YouTuBe-სგან ვერცხლის ჯილდო მიიღო.

2021 წლის ფილმების ტოპ 5

2021-09-13 18:26
გიზიარებთ 2021 წლის ფილმების ტოპ 5-ეულს, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია.
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ,,მწვანე პასპორტების" შემოღების იდეას?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.5441
0.0027
100
RUB
 - 
4.2317
0.0027
1
USD
 - 
3.1283
0.0004