-
2014-10-28 11:18
ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის განყოფილების შენობაში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების მიზეზად შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური წყლის გამაცხელებელ ავზს ასახელებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, არანაირი თავდასხმა ან დივესრია არ მომხდარა და კედლის ნგრევა წყლის გამაცხელებელი ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მისი თქმით, აფეთქება ავზში ცხელი ორთქლის დაგროვებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ აფეთქების შედეგად ერთერთი განყოფილების უფროსი, 32 წლის ზვიად ლაგვილავა დაიღუპა. მისი ცხედარი ნანგრევებში იყო მოყოლელი და მისი ამოყვანა მხოლოდ სპეცტექნიკის დახმარებით მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, თავის კაბინეტში მყოფ ზვიად ლაგვლილავას აფეთქების შედეგად ჩამოვარდნილი ე.წ. სინკარი დაეცა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. თავდაპირველად გაჩნდა ტერაქტის ვერსია, თუმცა, ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მეორე სართულზე მომხდარი აფეთქების შემდეგ არსებობს შენობის სხვა ნაწილის ჩამონგრევის საფრთხეც, ამიტომაც ზუგდიდში შენობის ამ ფლიგელის დემონტაჟი დაიწყო.
შენობის აფეთქებული ნაწილიდან რამდენიმე მეტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს 200 კაციანი სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმა მდებარეობს. იმ შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა, სამეგრელოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ადმინისტრაციაც იყო განთავსებული.
შენობა 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდში შემოჭრილი რუსი ოკუპანტების ერთერთი მთავარი სამიზნე იყო: ერთერთ საწყობში შესაღწევად მათ რკინის კარი დანაღმეს და ისე ააფეთქეს, რადგან სხვაგვარად შესვლა ვერ მოახერხეს. იქ რუსი ოკუპანტები რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩნენ, გარე პერიმეტრზე კი ჯარისკაცები ჰყავდათ განლაგებული.
როცა ოკუპანტებმა ზუგდიდი დატოვეს, შენობაში მოცულობითი განნაღმვითი სამუშაოები ჩატარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდნენ მას აფხაზეთის კუდ-ის თანამშრომლები.