-
2014-10-28 04:23
ზუგდიდში, სუს-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული ზვიად ლაგვილავას ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.
აფეთქება შენობაში დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა. აფეთქების დროს თავის კაბინეტში იმყოფებოდა სუს-ის სპეცრაზმის უფროსი, 32 წლის ზვიად ლაგვილავა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კედელი მთლიანად ჩამოინგრა, შენობის ფლიგელი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ერთერთი ვერსიით, აფეთქება სპეცრაზმის უფროსის კაბინეტის გვერდითა ოთახში დამონტაჟებული მოწყობილების შედეგია, თუმცა, ოფიციალური ვერსია ამ დრომდე არ არსებობს.
აფეთქების ხმა ქალაქის ცენტრში, შენობიდან მოშორებით მცხოვრებმა მოსახლეობამაც გაიგონა, ზუგდიდში ხალხი გვიან ღამით ქუჩაში იყო გამოსული. შენობის მიმდებარე პერიმეტრი და მისასვლელები ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
ზვიად ლაგვილავას ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ცასატარებლად, რომელიც, სავარაუდოდ, ქუთაისში ჩატარდება. ზვიად ლაგვილავას შსს-ში მუშაობის რამდენიმეწლიანი სტაჟი აქვს, სუს-ის აფხაზეთის განყოფილებაში კი ერთერთი პასუხსაგები თანამდებობა 2013 წელს მიიღო.
ზვიად ლაგვილავა ერთ ტერაქტს 2008 წელს გადაურჩა, როცა ოქტომბერში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რომელიც გალის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობდა და რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს რუსმა ოკუპანტებმა.
შემთხვევის ადგილზე მეორე დღეს სხვა, ზემოთხსენებულ პირებთან ერთად მისული ზვიად ლაგვილავა მაშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიჭრა, ხოლო წალენჯიხის გამგებელი გია მებონია გარდაიცვალა.
აფეთქების კადრები "რუსთავი-2"-სა და "პირველი არხის" კამერებმა გადაიღეს. კადრებში დაჭრილი ზვიად ლაგვილავაც ჩანს - მასალას თანდართული ფოტოები სწორედ "რუსთავი-2"-ზე გასული სიუჟეტიდანაა ამოჭრილი. ვიდეოს სრული ვერსია ასევე ერთვის მასალას.
შენობა ზუგდიდში, სადაც დღეს, ღამის საათებში აფეთქება მოხდა, 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდში შემოჭრილი რუსი ოკუპანტების ერთერთი მთავარი სამიზნე იყო: ერთერთ საწყობში შესაღწევად მათ რკინის კარი დანაღმეს და ისე ააფეთქეს, რადგან სხვაგვარად შესვლა ვერ მოახერხეს. იქ რუსი ოკუპანტები რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩნენ, გარე პერიმეტრზე კი ჯარისკაცები ჰყავდათ განლაგებული.
როცა ოკუპანტებმა ზუგდიდი დატოვეს, შენობაში მოცულობითი განნაღმვითი სამუშაოები ჩატარდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდნენ მას აფხაზეთის კუდ-ის თანამშრომლები. იმ დროს განყოფილებას რომან შამათავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხურჩის ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, ცოტა ხანში კი კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. რომან შამათავა ამჟამადაც პატიმრობაშია.