-
2014-10-28 02:50
ზუგდიდში, გორის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად საკუთარ კაბინეტში დაიღუპა სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და განყოფილების უფროსი ზვიად ლაგვილავა. განიხილება ტერაქტის ვერსია. ნანგრევებიდან ცხედრის ამოყვანას ამ წუთებში ცდილობენ.
შენობის გვერდით სუს-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყაზარმა მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწარფო დახმარების ბრიგადები. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის კედლები დაზიანებულია.
დაღუპული ზვიად ლაგვილავა ერთხელ უკვე გადაურჩა ტერაქტს, რომელსაც სოფელ მუჟავაში 2008 წელს წალენჯიხის გამგებელი გია მებონია შეეწირა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია ზვიად ლ.-ვასთან ერთად კიდევ ერთი სპეცრაზმელის დაღუპვის შესახებ არ დასტურდება.
აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ტერაქტთან ერთად შემთხვევით მომხდარი აფეთქების ვერსია განიხილება.
შენობა ზუგდიდში, ე.წ. პრესოვკის დასახლებაში მდებარეობს და ერთერთი პირველი იყო იმ ობიექტებიდან, სადაც 2008ბ წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამეგრელოში შემოსული რუსი ოკუპანტები შევიდნენ. რამდენიმე განყოფილებაში შესასვლელად მაშინ მათ რკინის კარები ააფეთქეს. ოკუპანტების გასვლის შემდეგ ადგილზე მესანგრეებმა მოცულობითი განნაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს.