ზუგდიდში, კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების შენობაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, გარდაცვლილია სპეცდანიშნულების რაზმის ერთერთი ხელმძღვანელი ზვიად ლ.-ვა, რომელიც ერთხელ უკვე გადაურჩა ტერაქტს, რომელსაც სოფელ მუჟავაში 2008 წელს წალენჯიხის გამგებელი გია მებონია შეეწირა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია ზვიად ლ.-ვასთან ერთად კიდევ ერთი სპეცრაზმელის დაღუპვის შესახებ არ დასტურდება.
აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია, განიხილება ტერაქტისა და წინდაუხედაობით მომხდარი აფეთქების ვერსია. შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
შენობა ზუგდიდში, ე.წ. პრესოვკის დასახლებაში მდებარეობს და ერთერთი პირველი იყო იმ ობიექტებიდან, სადაც 2008ბ წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამეგრელოში შემოსული რუსი ოკუპანტები შევიდნენ. რამდენიმე განყოფილებაში შესასვლელად მაშინ მათ რკინის კარები ააფეთქეს. ოკუპანტების გასვლის შემდეგ ადგილზე მესანგრეებმა მოცულობითი განნაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს.
"აფხაზეთის ხმა" არკვევს მომხდარი აფეთქების დეტალებს და ინფორმაციას დამატებით გამოაქვეყნებს.