-
2014-09-01 18:36
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზაფხულის სეზონში არაერთი შემთხვევაა მომხდარი, როცა დასასვენებლად ჩასული რუსეთის მოქალაქეები, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, უგზო-უკვლოდ ქრებიან.
ცალკეულ შემთხვევებში მათი მოძებნა ვერ ხერხდება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში აღმოჩნდება, რომ დაკარგული, უბრალოდ, მოკლეს. ასე მაგალითად, როგორც გაგრაში დასასვენებლად ჩასულ, 1993 წელს დაბადებულ ლილია ისლამოვასთან დაკავშირებით მოხდა.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში შსს-მ ინფორმაცია მიიღო, რომ ლილია ისლამოვა გაგრაში, ზღვის აკვატორიაში ჰიდროციკლით სეირნობის დროს დაიკარგა. ინფორმაციის მიღებისთანავე, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შსს-მ დაიწყო სამძებრო სამუშაოები და საქმეში ჩართო მაშველები, სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი და კინოლოგთა ჯგუფი.
დაკარგული გოგონას ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, სამაგიეროდ, გაჩნდა ეჭვი მკვლელობის თაობაზე და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურამ 5 აგვისტოს გაგრელი ადგურ ავიძბა დააკავა, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.
დეტალები არ კონკრეტდება, აფხაზურ ფორუმებზე კი წერენ, რომ ავიძბამ ლილია გაიცნო, შევიდა მასთან ახლო ურთიერთობაში, ხოლო გაცნობიდან რამდენიმე დღეში ჰიდროციკლით სეირნობა შესთავაზა, ზღვაში ღრმად შესვლის შემდეგ კი გოგონა მოკლა და ზღვაში გადააგდო. ამ დრომდე გამოძიება არ ახმაურებს მკვლელობის მოტივს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლილია ისლამოვა ერთადერთი დაკარგული რუსეთის მოქალაქე არ არის. მარტო ივლის-აგვისტოს მონაკვეთში აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში, არაოფიციალური ცნობებით, რუსეთის ფედერაციის ათამდე მოქალაქე დაიკარგა და მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული რუსეთის მოქალაქის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის ე. წ. შსს-ს ვებგვერდზეცაა მოცემული, რომლებსაც „აფხაზეთის ხმაც“ აქვეყნებს.