-
2014-08-22 23:31
ოკუპირებულ აფხაზეთში 2012 წელს 25 დღის განმავლობაში ტყვედ მყოფი და სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლებული ბერმონაზონი იონა 2012 წლის თებერვალში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ბერმა იონამ პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ის განცდები გაიხსენა, რაც გათავისუფლების დროს დაეუფლა.
მისი სიტყვებიდან ირკვევა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა მის გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელიც უსისხლოდ დასრულდა და რომელსაც უშუალოდ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია ხელმძღვანელობდნენ. მეტიც - სპეცოპერაციაში, რომელიც ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩატარდა, დათა ახალაია უშუალოდ მონაწილეობდა.
„ენით აუწერელი განცდა იყო, როცა ჩემთან შემოვიდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების ბიჭები და გამომიყვანეს. „გაიარეთ, მამაო, უსაფრთხო ადგილას გახვალთ“, - ასე მომმართეს ბიჭებმა და ჩემთვის ეს დიდი სიხარული იყო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა და პირადად ვანო მერაბიშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. ეს იყო მსოფლიო დონის სპეცოპერაცია, რომელიც უსისხლოდ დამთავრდა. დიდი მადლობა თქვენ, რადგან არ დამვიწყებია, რომ იმ ძნელბედობის ჟამს მარტო არ ვიყავი“, - უთხრა მღვდელმონაზონმა მიხეილ სააკაშვილს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს ყველგან, კბილებით და ჩვენს ხელთ არსებული ყველა სხვა საშუალებითაც, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბერის სამადლობელი სიტყვების პასუხად.
მღვდელმონაზონი იონა 25 დღის წინ აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს, როცა იგი აფხაზეთში რამდენიმე ტაძრის მოსალოცად გადავიდა. გამოსასყიდის სახით გამტაცებლები 100 ათასი დოლარის გადახდას ითხოვდნენ. თავდაპირველად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მამა იონას ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან და აცხადებდნენ, რომ იგი კრიმინალებმა გაიტაცეს, თუმცა ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაურმა ბესარიონ აპლიამ ქართულ მედიასაშუალებებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ბერი იონა დაკავებულია. ცნობილი გახდა ისიც, რომ ბერმა იონამ რამდენიმე დღე სოხუმის იზოლატორშიც გაატარა.
ბერმა იონამ განაცხადა, რომ მთელი ეს დრო „კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებთან“ გაატარა, რომლებიც ამცირებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. „ბერის მოვალეობაა, ასეთი დამცირებაც უდრტვინველად აიტანოს და ამას ვახერხებდი, მაგრამ ძალიან გახარებული დავრჩი, როცა ქართველი ბიჭები დავინახე, რომლებმაც ტყვეობიდან დამიხსნეს“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა იონამ.
სპეცოპერაციის შემდეგ სასულიერო პირი ჯერ ზუგდიდის პოლიციაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. მან სამების ტაძარში ჩვეულებრივ გააგრძელა სასულიერო მოღვაწეობა.
შსს-ში სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობდენ. ერთ-ერთი ვერსიით, ოპერაციის გეგმა მას შემდეგ შემუშავდა, რაც დიპლომატიური გზებით აფხაზურ მხარესთან მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო. ოპერაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და წარმატებით დასრულდა. მასში პირადად მონაწილეობდნენ ამჟამად ე.წ. ხურჩის ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რომან შამათავა, რომელიც ერთ ეპიზოდში სასამართლომ უკვე გაამართლა (თუმცა, მას ამჯერად მკვლელობასაც ედავებიან) და ამჟამად ასევე პატიმრობაში მყოფი კუდ-ის მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა. როგორც მათი თანამებრძოლები და თანამოაზრეები ამბობენ, მათი ერთადერთი "ბრალი" ისაა, რომ გამოძიებას დათა და ბაჩო ახალაიების საწინააღმდეგო ცრუ ჩვენებები არ მისცეს.
ლაშა ბერულავა