-
2014-07-14 10:23
14 ივლისი საქართველოს უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია: 22 წლის წინ, 1992 წლის 14 ივლისს ცხინვალში რუსეთის სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომლებმაც ტრაგიკული როლი ითამაშეს უკვე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში, რადგან სწორედ ე.წ. სამშვიდობო ძალების ცხინვალის შტაბიდან ხდებოდა ქართული სოფლების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის კორექტირება.
სამშვიდობო ძალების შესვლას ცხინვალში საფუძვლად დაედო "დაგომისის შეთანხმება". ოსი სეპარატისტები ამ დღეს "სამშვიდობოების დღეს" უწოდებენ და საზეიმოდ აღნიშნავენ.
1992 წლის 24 ივნისს ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ელცინის მიერ სოჭში, დაგომისში, ხელი მოეწერა შეთანხმებას რომლის ოფიციალური სახელწოდებაა - "სოჭის შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ". ამ შეთანხმებას ხშირად "დაგომისის ხელშეკრულებასაც" უწოდებენ.
1992 წლის 14 ივლისს დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთს ე.წ. სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომელთა ოფიციალური სახელწოდება იყო - "მშვიდობის უზრუნველყოფის შერეული სამშვიდობო ძალები". აღნიშნული სამხედრო ძალა სამი ბატალიონისგან შედგებოდა - რუსული, ქართული და ჩრდილო ოსური.
დაგომისის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის შექმნას - მასში ცალ-ცალკე მხარეებად შედიოდნენ - რუსეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და საქართველო. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ცხინვალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია განთავსდა.