ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა უშიშროების სამსახურმა ფილმი გადაიღო, სადაც ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლისა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი 40 წლის ეთნიკურად ქართველის ურთიერთთანამშრომლობაზეა აქცენტი.
ფილმის მიხედვით, 40 წლის ქალბატონი ნებაყოფლობით დათანხმდა ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას, შესაბამისი ხელწერილიც დაწერა და ერთერთ პირს აწვდიდა ცნობებს რუსეთის შეიარაღებული ნაწილების განლაგების შესახებ, ასევე, გზავნიდა აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს კურორტ ანაკლიაში, სადაც მათ უშიშროების თანამშრომელი ესაუბრებოდა და, ფილმის მიხედვით, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა, რათა გადაებირებინა და შემდგომში მათგან მიეღო ცნობები.
ფილმის თანახმად, ქართული სპეცსამსახურების ჯაშუში, მეტსახელად „ლილი“ დაკავებულია. კადრებში კარგად ჩანს, რომ „ლილი“ ბრალს არათუ არ აღიარებს, არამედ ამბობს, რომ თავისი საქციელი სწორ ნაბიჯად მიაჩნია, რასაც ფილმის ავტორები „ გაუგებარი პატრიოტული მოტივებით“ ხსნიან.
„ლილის“ თქმით კი, ის აღიარებს, რომ შეცდა, მაგრამ არ მიაჩნია, რომ დანაშაული ჩაიდინა და იგივეს გააკეთებდა, რადგან მისი ქმედება მიმართული იყო არა აფხაზი ხალხის წინააღმდეგ, ვისთანაც, მისი თქმით, ქართველები მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და უნდა იცხოვრონ, არამედ რუსეთის, როგორც მისი ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ, რომელმაც აფხაზეთი დაიპყრო.