-
2014-06-02 01:07
"აფხაზეთის ხმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში მეხის დაცემის შედეგად გაიხლიჩა საუკუნოვანი მუხა, სადაც 1989 წელს ისტორიულად ცნობილი "უხუცესთა ყრილობა" გაიმართა და საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს.
მუხის გახლეჩას უბედურების მომასწავებლად მიიჩნევენ აფხაზი უხუცესები. აფხაზურ ფორუმებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უხუცესებმა გააფრთხილეს აფხაზი ერი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ: "მუხის გახლეჩა არაფერ კარგს არ მოასწავებს. ეს ნიშანია, რომ ერთად უნდა ვიყოთ და არ უნდა გავიხლიჩოთ, თორემ უბედურება არ აგვცდება", - მოჰყავთ ფორუმზე ერთერთი უხუცესის სიტყვები.
შეგახსენებთ, რომ 1989 წელს ლიხნში ჩატარებულ აფხაზ უხუცესთა ყრილობას მოჰყვა წერილი, სადაც აფხაზებმა საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს, მოგვიანებით ამ წერილის საფუძველზე აფხაზეთში ქართველთა შევიწროებამ მასობრივი ხასიათი მიიღო.
1989 წლის აპრილში დაიწყო გამოსვლები თბილისში, სადაც თავდაპირველად ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ აფხაზეთის საკითხი წამოსწია, თუმცა, მოგვიანებით ეროვნული მოძრაობის ლიდერების ერთობლივი შეთანხმებით, გამოპსვლები საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა, რადგან ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და სხვა ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აფხაზეთის საკითხი ავტომატურად მოგვარდებოდა.