2008 წლის აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომი, ბრძოლის ველიდან დაშორებული შეტევების ქრონიკა:
8 აგვისტო:
09:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავმა 3-5 ჭურვი ჩამოაგდო სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ფოთი-თბილისის საავტომობილო მაგისტრალთან და საქართველოს სამხედრო რადარებიდან 300-500 მეტრის მოშორებით.
10:30 რუსულმა СУ-24-მა დაბომბა ქარელის რაიონის სოფელი ვარიანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 75 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ. შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაშავდა.
10:57 ექვსი რუსული ხომალდიდან ორმა ჩამოყარა სამი ჭურვი გორში, რომელთაგან ერთი ჩამოვარდა სტადიონთან ახლოს, მეორე - გორიჯვარის დაღმართზე და მესამე - საარტილერიო ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიაზე.
15:05 რუსული სამხედრო თვითმფრინავები შემოვიდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში გორის სამხრეთით მდებარე თეძამის მიმართულებიდან, ჩამოაგდეს ორი ჭურვი ვაზიანის სამხედრო აეროპორტში და გაბრუნდნენ უკან.
16.30 რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაბომბა მარნეულის და ბოლნისის სამხედრო ბაზები, რომლებიც თბილიდან სამხრეთით 20 და 30 კილომეტრშია. ორი თვითმფრინავი განადგურდა მიწაზევე. დაინგრა შენობა-ნაგებობები, იყო მსხვერპლი.
17:00 მარნეულის სამხედრო საავიაციო ბაზა დაიბომბა მეორედ. იყო მსხვერპლი.
17:35 კონფლიქტის ზონის გარეთ, თბილისიდან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე მარნეულის სამხედრო აეროდრომი მესამედ დაიბომბა, ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. სამჯერადი დაბომბვის შედეგად განადგურდა სამი AN-2 ტიპის თვითმფრინავი და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები.
18:45 5 რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ დაიბომბა გორის საარტილერიო ბრიგადა.
9 აგვისტო
00:12 დაიბომბა ქალაქ ფოთის პორტი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, ჩაიძირა ერთი ჰიდროგრაფიული ხომალდი.
00:17 მანათობელი ჭურვები ჩამოვარდა სენაკის სამხედრო ბაზაზე, რომელიც თბილისიდან დასავლეთით 213 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონის გარეთაა. 1 სამხედრო მოსამსახურე და 5 რეზერვისტი დაიღუპა. აგრეთვე დაიბომბა სენაკის რკინიგზის სადგური, დაიღუპა რვა ადამიანი, მათი უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ და რკინიგზის სადგურის წინ მდებარე სასტუმროს შენობაში დროებით ცხოვრობდნენ.
00:20 ვაზიანის პოლიგონი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ დაიბომბა. დაბომბვის შემდეგ ორი ჭურვი არ აფეთქებულა.
01:00 მეორეჯერ დაიბომბა საპორტო ქალაქი ფოთი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, თბილისიდან 260 კილომეტრში დასავლეთით, კონფლიქტის ზონის გარეთ და სრულიად სამოქალაქო სამიზნეს წარმოადგენს.
01:20 გარდაბნის რაიონის სოფელი გაჩიანი, რომელიც თბილისის სამხრეთით 20 კილომეტრშია და მდებარეობს კონფლიქტის ზონის გარეთ, დაიბომბა, მაგრამ ნავთობსადენი არ დაზიანებულა.
10:00 ქუთაისიდან რამოდენიმე კილომეტრით დაშორებული კოპიტნარის აეროდრომი დაიბომბა რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ.
10:22 რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებენ გორის დაბომბვას, რომელიც თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრშია და კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარეობს.
12:40 კვლავ დაიბომბა კოპიტნარის აეროდრომი.
14:00 რუსეთის საჰაერო ძალები დაესხნენ თავს ზემო აფხაზეთის (კოდორის ხეობა) გარკვეულ ტერიტორიას, მათ შორის სოფელ ომარიშარას აეროდრომს.
16:35 დაიბომბა ონი. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
22:30 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ჩხალთა, ზემო აფხაზეთის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
10 აგვისტო:
05:45 რუსულმა სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი თბილისის საავიაციო ქარხანაში ჩამოაგდეს.
07:40 რუსული სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების მიერ დაიბომბა ზუგდიდის რაიონის სოფელი ურთა.
08:45 ათმა რუსულმა სამხედრო მოიერიშემ თავდასხმა განახორციელა ზემო აფხაზეთზე, ერთი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა საქართველოს სამთავრობო ჯარების მიერ.
11:15 გორსა და ქარელს შორის მდებარე სოფელი შავშვები დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ.
15:00 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს სოფელი კნოლევი ქარელის რაიონში.
15:10 რუსულმა საჯარისო შენაერთებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა განახორციელეს შეტევა ზემო აფხაზეთზე. რეგიონი დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ.
16:05 რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა გორი.
16:10 რუსულმა ავიაციამ დაბომბა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის ხიდი. შედეგად ხიდზე გაჩნდა ხანძარი.
19:05 რუსეთის ავიაციამ ჩამოყარა ჭურვები თბილისის სამოქალაქო აეროპორტის ასაფრენი ზოლის სიახლოვეს.
19:10 საავიაციო ქარხანა "თბილავიამშენი" კვლავ გახდა რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის ობიექტი.
19:35 დაიბომბა სენაკი ორი ავიაგამანადგურებლის მიერ.
20:25 ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი)
11 აგვისტო:
00:30 დაიბომბა სამოქალაქო მიმოსვლის სარადარო სადგური გორის დასავლეთით სოფელ შავშვებში.
00:31 რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი).
03:05 რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს ბათუმთან ახლოს მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო (საქართველო-თურქეთის საზღვართან). დაზიანდა სოფლების შემოგარენი და სასაფლაო, მსხვერპლი არ ყოფილა.
03:12 დაიბომბა ხელვაჩაურში მდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიული ერთეული (საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს).
03:26 დაიბომბა კოდორის ხეობა (ზემო აფხაზეთი).
04:30 საქართველოს საჰაერო ძალების მთავარი საკონტროლო ცენტრი დაიბომბა.
04:37 სამოქალაქო სარადარო სადგური, განლაგებული თბილისიდან 5 კილომეტრში სოფელ ლენინისში, ნაწილობრივ იქნა დაზიანებული რუსული ავიაგამანადგურებლების დაბომბვის შედეგად.
05:00 რუსული ავიაგამანადგურებლებით დაიბომბა ქვეყნის აღმოსავლეთით, დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე შირაქის აეროდრომი.
06:10 დაიბომბა გორის სატანკო ბატალიონი. დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი, იყო მსხვერპლი.
07:15 სენაკის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და სენაკის სამხედრო ბაზა დაიბომბა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ.
12 აგვისტო:
09:30 - 10:55 რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ე.წ. კასეტური ბომბები ჩამოყარეს გორის ცენტრალური მოედანსა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, უცხოელი ჟურნალისტები.
11.00 რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ორი ჭურვი ჩამოაგდეს ზუგდიდის რაიონის შავიზღვისპირა სოფელ ანაკლიაში. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსული და უცხოური წყაროების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში 3.000 ერთეული მძიმე ტექნიკა, 3.000-დე სამხედრო სატვირთო ავტომანქანა და 35.000 ქვეითი მებრძოლი შემოიყვანა.
ქართული მხარის მიერ ცხინვალის საარტილერიო ცეცხლის შედეგად "ჰუმან რაითს ვოტჩის" მონაცემებით, ასზე ნაკლები მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, თომას ჰამერბერგი კი რუსულ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით სხვა რიცხვს ასახელებს 130.
გაეროს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებით, ცხინვალში ქართველების მიერ ჩატარებული იერიშის შედეგად შენობების მხოლოდ 5% დაინგრა, მაშინ როცა რუსული თვითმფრინავებისგან დაბომბილი შენობების ნგრევამ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში 30-დან 50% შეადგინა.
რუსი ოკუპანტების მიერ შერჩეული ზოგიერთი სამიზნე კონფლიქტის ზონიდან 130 კმ-ს დაშორებითაც კი მდებარეობდა. რუსეთის თვითმფრინავებმა 5 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს 36 სამიზნეზე, ხოლო მარტო 9 აგვისტოს 120 გაფრენა განხორციელდა.
"რაფაელ სპაიდერის" და უკრაინული SA-11 ტიპის სისტემებით აღჭურვილი ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა ომის დროს 17 რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს: 14 ავიაგამანადგურებელი, 1 ტუპოლევ 22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი და ორიც – შვეულმფრენი.
9 აგვისტოს, დილით, ქართულ პოზიციებს ერთდროულად 28 რუსული მოიერიშე ავიაგამანადგურებელი უტევდა. მოსკოვი უკვე სს-21 "ტოჩკა" და სს-26 "ისკანდერის" რაკეტებსაც იყენებდა.
ლაშა ბერულავა