უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიმდინარე წლის 17 აპრილს, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის განახლებას მკაცრად გმობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი პროვოკაციული ქმედებები უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციის შორს მიმავალი გეგმების განხორციელებას, რეგიონში დაძაბულობის გამწვავებისა და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების მიმართულებით.
„ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების, სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების, სასოფლო-სამეურნეო მიწებსა და წყლის რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, უპირობოდ ითვლება საერთაშორისო კანონის დარღვევად და ქმნის დამატებით საფრთხეს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების ფონზე.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ფედერაციის ქმედებებით, რომელიც გულისხმობს მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებას დროებით ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე. ამის მაგალითად შეიძლება, დასახელდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დანაყოფების გადაყვანა ოკუპირებული ყირიმიდან, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, COVID-19-ის პანდემისთან ბრძოლის საბაბით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე რუსეთის ფედერაციას ვთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ხელოვნური ბარიერების განთავსების უკანონო ქმედებები, რათა უზრუნველყოს საერთაშორისო მონიტორინგისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საბოლოოდ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები,“ - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.