ონისე გერგედავა, რომელმაც 7 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და დახია, 8 ოქტომბერს, 18:00 საათზე მეტრო "რუსთაველის" წინ შეხვედრა-აქციას აანონსებს.
როგორც ონისე გერგედავა "ფეისბუქზე" წერს, 18:00 საათზე მეტრო "რუსთაველის" წინ ანტისაოკუპაციო გეგმებით დაინტერესებულ პირებს შეხვდება და მოქმედების გეგმას გააცნობს.
შეგახსენებთ, ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა.
"ეს არის სახელმწიფოს სირცხვილი - რომ დედაქალაქის ცენტრში, სახელმწიფო შენობაზე, ოკუპანტების დროშა ფრიალებს!", - განაცხადა ონისე გერგედავამ, რომელმაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის სახელით ჩამ,ოხსნილი რუსეთის სახელმწიფო დროშა იქვე დახია.
შეგახსენებთ, კონსერვატორიის შენობაზე რუსეთის დროში აფრიალება კონსერვატორიის რექტორატში საერთაშორისო კონკურსით ახსნეს, რომელიც 1-დან 11 ოქტომბრამდე ტარდება და სადაც რუსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
მანამდე დროშის აღმართვა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა (პარტია "საქართველო") და "აფხაზთა კრების" ლიდერმა მალხაზ პატარაიამ, ასევე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი წერეთელმა გააპროტესტეს.