-
2017-10-04 12:42
უკრაინის დედაქალაქში, ტურიზმის საერთაშორიო კონფერენციაზე მიწვეული ენმ-ის წევრი გირშელ ბართაია, რომელიც არაერთხელ ყოფილა უკრაინაში და პრობლემა არ შექმნია, ამჯერად უკრაინაში არ შეუშვეს და თბილისში იძულებით გამოამგზავრებენ.
ინფორმაცია "აფხაზეთის ხმას" თავად გირშელ ბართაიამ დაუდასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ ღამე აეროპორტის დარბაზში გაატარა, რადგან მესაზღვრეები ჯერ დიდხანს ფიქრობდნენ, შეეშვათ თუ არა ის ქვეყანაში, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ კი გამოუცხადეს, რომ უკან უნდა გააბრუნონ.
"კონფერენციის მონაწილეები და ორგანიზატორებიც დაინტერესდნენ, რა მოხდა, უკრაინელმა მეგობრებმაც დამირეკეს, ჩვენი საკონსულოდან კი არავინ დამკავშირებია. უკრაინელი მესაზღვრეები ძალიან არაკომპეტენტურად და უკანონოდ მოიქცნენ. უარის მიზეზად ის დამისახელეს, რომ თითქოს ჩემი ვიზიტი ამჯერად არ არის საკმარისად დასაბუთებული. დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე უკან, თბილისში, ავიარეისით იძულებით გამამგზავრებენ", - თქვა მან "აფხაზეთის ხმასთან".
გირშელ ბართაიას შეყოვნებასა და ქვეყანაში შეშვებაზე უარს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც "ბანკოვოის ქუჩის პარანოია" უწოდა ამ ფაქტს და აღნიშნა, რომ მისთვის უსიამოვნოა, როცა მის გამო დისკომფორტს უქმნიან ადამიანებს, რომლებისთვისაც უკრაინა არ არის სულერთი. მიხეილ საკაშვილმა აღნიშნა, რომ მაიდანზე დაღუპული დავით ყიფიანი სწორედ გირშელ ბართაიას მეგობარი იყო.