-
2017-09-20 09:14
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, რომელიც ცხინვალს ესაზღვრება, ოკუპანტების მიერ დამონტაჟებულ უკანონო, ე.წ. სასაზღვრო ღობესთან ახლოს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ახალი საგუშაგო გახსნა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა უკანონო ბანერიდან და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობიდან 50 მეტრში ფრიალებს, დამკვირვებლები კი ღობის მიღმა რუსი ოკუპანტებისა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელთა აქტივობას აკვირდებიან. სწორედ ამ პერიმეტრზე გადის გზა ახალგორისკენ, რომელიც რუსმა სამხედრო ინჟინრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დააპროექტეს და გაჭრეს.
17 სექტემბერს "ძალა ერთობაშია" და BMW family club Georgia წევრები ყარაფილასთან ერთობლივად გამართული აქცია-პერფორმანსის "ფრთხილად, 400 მეტრში რუსი ოკუპანტია!" შემდეგ ერგნეთშიც იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. როგორც კლუბის წევრებმა განაცხადეს, ისინი მხარს უჭერენ ანტისაოკუპაციო მოძრაობას და მზად არიან, დამკვირვებლებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა პატრულირებაშიც.
მთელი დღის განმავლობაში როგორც აქციის მიმდინარეობას, ასევე ერგნეთისკენ გადაადგილებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.