
რუსი ოკუპანტების კუთვნილი საინჟინრო ტექნიკა ყარაფილაში, უკანონოდ დამონტაჟებულ, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს, 19 სექტემბერს გრუნტის გზის დატკეპნაზე მუშაობდა, - ინფორმაციას და ვიდეოს "ძალა ერთობაშია" სამშვიდობო მონიტორინგის ფარგლებში ავრცელებს.
დამკვირვებელთა ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში გამოჩენილმა სამხედრო-საინჟინრო ტექნიკამ ბანერთან ახლოს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გზის დატკეპნა დაიწყო. სავარაუდოდ, ოკუპანტები ამ ადგილას ახალ სამანქანო გზაზე მუშაობენ. სამუშაოები თბილის-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 800-1000 მეტრის დაშორებით მიმდინარეობს.
საინჟინრო ტექნიკის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ. პოლიციელები უშუალოდ საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა, ტექნიკამ მუშაობა მას შემდეგაც გააგრძელა, რაც პოლიციელებმა ტერიტორია დატოვეს.