
მემორიალის აგება იგეგმება ოტავას ცენტრალურ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, კანადის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და არქივის შენობის წინ.
21 მეტრის სიგრძის მემორიალზე გამოსახული იქნება 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები, მათი გასაბჭოება, რეპრესიები, თავისუფლებისთვის ბრძოლა.
პროექტში ჩართვის შედეგად, მასზე ასევე დაიტანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითად: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობა, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაწყებული მასობრივი გამოსვლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა, 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.
მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებშიც.
მემორიალის საძირკვლის ჩაყრა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება. მშენებლობა სავარაუდოდ 2018 წელს დასრულდება.