-
2017-09-08 15:21
შიდა ქართლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანში მდებარე რუსეთის საოკუპაციო ბაზის სამხედროები ყარაფილის მიმართულებით აქტიურად გადაადგილდებიან. ოკუპანტების გააქტიურება ერგნეთის მიმართულებითაც შეიმჩნევა. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, რომლის მოხალისეები, უკვე 46 დღეა, საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო მონიტორინგს ატარებენ.
"დღეს დილიდან აქტიურად მოძრაობს სამშენებლო ტექნიკა და სამხედრო "ურალები", "ნივები". სავარაუდოდ, ემზადებიან "запад 2017" სამხედრო წვრთნებისთვის, რომელიც დაიწყება 14 სექტემბერს და ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰპოვებს გამოძახილს.
ამავე დროს, ოკუპანტები გააქტიურდნენ ფრისი-ერგნეთის მიმართულებითაც. ჩვენმა მოხალისე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ აქამდე რუსი ოკუპანტები ორი ჯარისკაცით პატრულირებდნენ, ახლა კი, მას შემდეგ, რაც ოკუპანტების აქტივობაზე რამდენიმე ინფორმაცია გავავრცელეთ, მათ მესამე, სავარაუდოდ სნაიპერული შაშხანით შეიარაღებული პირიც დაემატა. ჩვენმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა ჯგუფმა შესაბამისი ფოტოებიც გადაიღო, სპეცტექნიკის მეშვეობით", - განაცხადა ორგანიზაციის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ.
"აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ემიგრანტსა და დაინტერესებულ პირს იმ უანგარო და დროული თანადგომისთვის, რასაც ავლენენ ჩვენს მიმართ, სკეპტიკოსთა გასაგონად კი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერც შემოდგომის და ვერც ზამთრის ამინდები ვერ იქნება ჩვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი, რათა სამოქალაქო მონიტორინგი გავაგრძელოთ", - განაცხადა დავით ქაცარავამ.
"ძალა ერთობაშია" ანტისაოკუპაციო მოძრაობაა, რომელიც სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებული შიდა ქართლის ტერიტორიაზე ატარებს, პარალელურად კი ტარდება აქცია "ფრთხილად, 400 მეტრში" რუსი ოკუპანტია!". უახლოეს პერიოდში მისიის გაფართოება იგეგმება, რაც მოხალისეების მოძიებას ზუგდიდში, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზეც გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის 46 დღის განმავლობაში საოკუპაციო ზოლის იმ მონაკვეთზე, სადაც მისია მიმდინარეობს, რუსი ოკუპანტებისა და ცხინვალის რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების არცერთი ფაქტი არ მომხდარა.


