
ქობულეთში რუსული ორგანიზაცია «Офицеры России»-ს წარმომადგენლები ისვენებენ. ისინი საქართველოში მანქანებით შემოვიდნენ, სადაც საქარე მინაზე მიმაგრებული საშვი არც კი მოუხსნიათ. ერთერთი ასეთი მანქანის ფოტო ქობულეთში ირაკლი პარკაიამ გადაიღო.
ფოტო ქობულეთში გასულ კვირასაა გადაღებული. როგორც ირაკლი პარკაია ამბობს, მანქანას, რომლის საქარე მინაზე საშვი იყო მიმაგრებული, შუახნის მამაკაცი მართავდა, რომელმაც შეკითხვაზე, საიდან აქვს ეს საშვი, უპასუხა: "ეს ხუმრობაა" და მანქანა ადგილიდან დაძრა.
პარკაიას თქმით, მანქანა BMW X5 მარკისა იყო და რუსული სახელმწიფო ნომრებით გადაადგილდებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი ორგანიზაციის წევრებმა და რამდენი ხნით აპირებენ დარჩენას საქართველოში. ასევე, უცნობია, რა არის საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი, შავი ზღვის სანაპიროზე დასვენების გარდა.
«Офицеры России» რუსეთში საკმაოდ პოპულარული და გავლენიანი ორგანიზაციაა. მათ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია აერთიანებს ვეტერანებსა და მოქმედ ოფიცრებს, მათი ოჯახის წევრებს და ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც "მზად არიან ითანამშრომლონ ორგანიზაციასთან და თავიანთი წვლილი შეიტანონ სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფაში".
მთავარ პრინციპებს შორის ორგანიზაციას დასახელებული აქვს პროფესიონალიზმი, ცხოვრების ჯანსაღი წესი და სურვილი, იცხოვრონ სამართლიან, სულიერად მტკიცე, ძლიერ და სტაბილურ სახელმწიფოში, ხვალინდელი დღის რწმენით.