-
2017-09-03 08:49
ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია", შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე მოხალისეთა სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აქვეყნებს სპეცხელსაწყოებით გადაღებულ ფოტოებს, სადაც რუსი ოკუპანტების ნამოქმედარი და მათი თვითნებობაა ასახული.
როგორც ორგანიზაციის საინფორმაციო-ანალიტიკური ჯგუფის წევრები აცხადებენ, ყარაფილაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩატარებული წვრთნის დროს, როცა მათ ტყის მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან ისროლეს, ტყეში ხანძარი გაჩნდა.
წვრთნების დაწყებისა და ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია მოხალისეებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში გაავრცელეს. ფოტოზე, რომელსაც "ძალა ერთობაშია" ავრცელებს, კარგად ჩანს გადამწვარი ტყის ნაწილი, რომლის ჩაქრობა განგაშის ატეხვის შემდეგ მოხერხდა - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ცნობების გავრცელების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა წვრთნა შეწყვიტეს და ორჭოსნის ბაზაზე დაბრუნდნენ, ხანძრის ლოკალიზება კი სწრაფად მოხერხდა.
ამას გარდა, წვრთნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსი ოკუპანტები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ:
"ორჭოსანის საოკუპაციო ბაზიდან 37 სადამკვირვებლო დღის განმავლობაში პირველად გამოჩნდა ოკუპანტების 3 კაციანი პატრული ძაღლთან ერთად(გერმანული ნაგაზი), რომელიც მოძრაობდა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და ასევე გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 200-300 მეტრით სოფ ყარაფილას თავზე/მიმართულება სოფ.კოდისწყარო", - ამბობს "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ყარაფილაში უკვე ერთ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში პატრულირების ფართობი გაიზრდება. გეგმაშია მსგავსი პუნქტების გახსნა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებითაც, ზუგდიდის რაიონში.
ვრცლად ორგანიზაციისა და მისი გეგმების შესახებ იხილეთ აქ.



