
სუს-ის განცხადებით, ხურჩასთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე - ამ განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
უწყება განცხადებაში განმარტავს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა. სუს-ის ინფორმაციით, ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას.
უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
„საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა. ბოძები ჩასმულია საოკუპაციო ზოლზე. ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე.
ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. მათი დამკვირვებლები უკვე იმყოფებიან ადგილზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწვდის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე," - აცხადებენ სუს-ში.