ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში არსებულ ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დილიდან რიგებია.
დაბალი ზონის მოსახლეობა, რომელსაც ზუგდიდის ტერიტორიაზე სასწრაფო საქმე აქვს, ენგურის ხიდზეა მისული და რიგები სწორედ ამან გამოიწვია.
ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობა ფიქრობს, რომ სოფლიდან ჩამოსულია სპეციალური კომისია და თითოეულ ადამიანს საფუძვლიანად ამოწმებენ.
გარდა ამისა, ზუგდიდიდან ოკუპირებულ გალში მიმავალ დევნილებს ნავაჭრი ტვირთის გადატანის საშუალება არ მისცეს. ისინი ამ დრომდე დგანან ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტთან და ელოდებიან, თუ როდის გასცემენ ნებართვას მათი ნივთების გადატანაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ, საკმაოდ მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევთ. ცნობისათვის, ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გუშინ დილიდან, ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დაიკეტა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეფაქტო ხელისუფლება საბერიო-ფახულანის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვასაც აპირებს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი