
19 მაისს ახალგორთან, სოფელ ყანჩავეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული 6 რუსი სამხედრო მოსამსახურიდან ერთერთი, მაიორი ტურპალ მუსალაევი „რუსეთის ფედერაციის გმირის“ წოდებას ატარებდა.
მუსალაევმა ეს ჯილდო დონბასში მიმდინარე პროცესების შემდეგ მიიღო, ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის რეგულარული არმიის ოფიცრის რანგში, ფარულად მ ონაწილეობდა უკრაინის ნაწილის ოკუპაციაში.
ტურპალ მუსალაევი ვლადიკავკაზში დისლოცირებული მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის ოფიცერი იყო. 32 წლის მაიორი დაღესტანში დაიბადა, სამხედრო განათლება კი ყაზანის სამხედრო სამეთაურო სასწავლებელში მიიღო, რის შემდეგაც მე-19 ბრიგადაში ჩაირიცხა.
როგორც მუსალაევის მეგობრისგან ხდება ცნობილი, მან გმირის წოდება საიდუმლო ბრძანებით, 2015 წლის დეკემბერში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ბრძანებით მხოლოდ ის სამხედრო პირები ჯილდოვდებიან, რომელთა სამხედრო დამსახურება, პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არ უნდა მოექცეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმიის მე-19 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა დონბასში დაწყებულ საომარ მოქმედებებში თავიდანვე იყო ჩართული.