
პოლიტიკური და არა ხარისხის ნიშნით გამოთქმული პროტესტი გახდა ცოტა ხნის წინ გუდაურის ერთერთ სახინკლეში ახალგაზრდების ჯგუფის მიერ შეკვეთის გაუქმების მიზეზი. ამის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წერს.
"მას შემდეგ, რაც ახალგაზრდებმა დიდი რაოდენობით ხინკალი შეუკვეთეს, ხოლო შემდეგ გაიგეს, რომ სახინკლეში მხოლოდ გოგი თოფაძის კომპანია "ყაზბეგის" ლუდის დალევა იყო შესაძლებელი, შეკვეთა გააუქმეს და სახინკლე ხმაურით დატოვეს, მოღალატეს ფულს არ გადავუხდითო", - აღნიშნავს ჟურნალისტი. როგორც კიდევ ერთი თვითმხილველი აღნიშნავს, შემთხვევა მართლაც მოხდა და ის სახინკლის მზარეულმა გაახმაურა, რომელიც შეკვეთის გაუქმებამ გააბრაზა, რადგან ხინკალი უკვე მოხვეული ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის კომპანიის პროდუქციის მიმართ პროტესტის გამოხატვის ინიციატივა "აფხაზთა კრებას" ეკუთვნის. სწორედ ამ ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია "ყაზბეგისა" და გოგი თოფაძის კომპანიების სხვა პროდუქციის წინააღმდეგ მოწოდებით "არ გაამდიდრო პუტინის მონა!"