სოფელ თაგილონის მცხოვრებლების ინფორმაციით, რუსეთის მესაზღვრეებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან სამი ჟურნალისტი დააკავეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი მანანა გოგოხიაა.
თაგილონელების განცხადებით, დაკავებისას რუსეთის მესაზღვრეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. ისინი ამ დროისთვის რუსეთის სამხედრო ბაზაზე არიან გადაყვანილი.
სოფლელების ინფორმაციით, ჟურნალისტები ინტერნეტ-გამოცემა „სოხუმი-მასკვა“-ში მუშაობენ და თაგილონში რეპორტაჟის გადასაღებად იყვნენ ჩასულები.
ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებით, „სოხუმი-მასკვას“ რედაქტორმა ანტონ კრივენიუკმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილია.
„ეს ჟურნალისტები ჩემი რედაქციიდან არიან, საქმის კურსში ვარ და ვიმედოვნებ, რომ მათ მალე გაათავისუფლებენ“.