
InformNapalm.org აქვეყნებს ფოტო ვიდეომტკიცებულებას, რომელთა თანახმადაც, რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის მიმართულებით გადაისროლა. ამდენად, არასწორი ცალკეული ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მხრიდან დამატებით საბრძოლო ტექნიკის შემოყვანის შესახებ.
საუბარია, ძირითადად, გუდაუთაში განთავსებული მე-7 საოკუპაციო ბაზის სამხედრო ტექნიკაზე, რომელთა პირველი ეშელონები 12 სექტემბერს ტუაფსესთან ახლოს, რკინიგზაზე გამოჩნდა, ხოლო ბოლო ეშელონი 19 სექტემბერს, სოჭში დაფიქსირდა. პლატფორმებზე შეიმჩნეოდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა “Град”, “КамАЗ”-ის მარკის ავტომანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები “БТР-82” და КШМ.
რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაადგილება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ და სოჭის მიმართულებით გადასვლა მანამდეც შეიმჩნეოდა, მაგრამ ამ გადასროლის მასშტაბები ბევრად დიდია, ვიდრე თუნდაც ამას მოითხოვს საბრძოლო სწავლება ბატალიონთა დონეზე. გამონაკლისი მხოლოდ მე-7 გუდაუთის ბაზის გაზაფხული-შემოდგომის სწავლებებია, როცა საბრძოლო ტექნიკა და ცოცხალი ძალა უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქში გადაისროლეს და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ნაცვლად დონბასში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს.
არაა გამორიცხული, ამ საბრძოლო ტექნიკის გადასროლის საბოლოო პუნქტი ნოვოროსიისკი იყოს, საიდანაც მათ დიდ სადესანტო ხომალდებში ჩატვირთავენ, რათა ნოვოროსიისკიდან და ოკუპირებული სევასტოპოლიდან სირიის პორტ ტარტუსში გადაიტანონ.