
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა 1-3 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში იმყოფებოდა და ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრებს შეხვდა. ექსკლუზიური, მისივე გადაღებული კადრები სიჭინავამ "ტვ-ს"-ს გადასცა და დღეს "სპორტექსპრესში" გავიდა.
კადრებში ზვიად სიჭინავა ვიტალი დარასელიას ბიძასთან და "დინამოს" ლეგენდარული ფეხბურთელის სხვა ახლობლებთან ერთად ვიტალი დარასელიას საფლავზეა გადაღებული. ვიტალის ბიძა ჰყვება, როგორ ეძებდნენ ტრაგიკული ავტოკატასტროფის შემდეგ ვიტალი დარასელიას ცხედარს და როგორ იპოვეს იგი.
ზვიად სიჭინავამ "სპორტექსპრესის" ეთერში განაცხადა, რომ ვიტალი დარასელიას ამაგი ქართულ ფეხბურთში, ზოგადად, ქართულ ცნობიერებაში, ფასდაუდებელია და არ თვლის თავს დამნაშავედ, რომ მის საფლავზე იმყოფებოდა. რაც შეეხება იმას, დაარღვია თუ არა "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", სიჭინავას თქმით, აფხაზეთი ოკუპირებულია უკვე 23 წელია და ამ ხნის განმავლობაში არავის არაფერი გაუკეთებია ორ ხალხს შორის ხიდის გასადებად:
"მე აფხაზეთთან ოჯახური ურთიერთობები მაკავშირებს - ჩემი ცოლი ნახევრად აფხაზია, ჩემი შვილის ძარღვებში აფხაზური სისხლიც სჩქეფს და როცა მე დილით ვიღვიძებ, აფხაზეთს ვხედავ. მე ვიტალის დედას გადავეცი ორი თასი (ასლები, რომლებიც ზვიად სიჭინავამ პირადად, სპეცშეკვეთით დაამზადებინა ევროპაში, - რედ.), რომელიც "დინამომ" მოიპოვა და იმ მთავარი, თასების მფლობელთა თასის ჩატანასაც დავპირდი, და მე ამას აუცილებლად შევასრულებ...", - თქვა ზვიად სიჭინავამ.