რა მიზანი ჰქონდა რუსეთს 2008 წელს?

Image

"მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" – ასე ჰქვია რონალდ ა. ასმუსის წიგნს, რომელშიც ქართულ, რუსულ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით (თითქმის ყველგან წყაროს ზუსტი წარმომავლობა მითითებულია), 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დეტალებია აღწერილი. 

 

წიგნის ერთერთ თავში მოთხრობილია იმის შესახებაც, თუ რა გეგმები ჰქონდა სინამდვილეში რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში და არაერთი მოყვანილი ფაქტი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი და ამჟამად პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი ცრუობს, როცა აცხადებს, რომ არც თბილისზე შტურმი და არც საქართველოს ხელისუფლების შეცვლა რუსეთის ინტერესში არ შედიოდა.

 

"აფხაზეთის ხმა" სწორედ ამის დამადასტურებელ ფრაგმენტებს გთავაზობთ:

 

რუსული და უცხოური წყაროების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში 3.000 ერთეული მძიმე ტექნიკა, 3.000-დე სამხედრო სატვირთო ავტომანქანა და 35.000 ქვეითი მებრძოლი. ქართული მხარის მიერ ცხინვალის საარტილერიო ცეცხლის შედეგად "ჰუმან რაითს ვოტჩის" მონაცემებით, ასზე ნაკლები მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, ტომას ჰამერბერგი კი რუსულ, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით სხვა რიცხვს ამბობს: 130. რუსული მხარის მიერ თავდაპირველად გავრცელებული ცნობა ქართველთა მიერ ცხინვალში 2.000 მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის შესახებ, მორიგი რუსული ზღაპარი აღმოჩნდა. ამავე დროს, გაეროს სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მონაცემებით, ცხინვალში ქართველების მიერ ჩატარებული იერიშის შედეგად შენობების მხოლოდ 5% დაინგრა, მაშინ როცა რუსული თვითმფრინავებისგან დაბომბილი შენობების ნგრევამ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში 30-დან 50% შეადგინა. რუსების მიერ შერჩეული ზოგიერთი სამიზნე კონფლიქტის ზონიდან 130 კმ-ს დაშორებით მდებარეობდა. რუსეთის თვითმფრინავებმა 5 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს 36 სამიზნეზე, ხოლო მარტო 9 აგვისტოს 120 გაფრენა განხორციელდა. "რაფაელ სპაიდერის" და უკრაინული შA-11 ტიპის სისტემებით აღჭურვილი ქართული ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფებმა ომის დროს 17 რუსული საფრენი აპარატი ჩამოაგდეს: 14 ავიაგამანადგურებელი, 1 ტუპოლევ22M3 სტრატეგიული ბომბდამშენი და ორიც – შვეულმფრენი. მაგრამ 9 აგვისტოს დილით ქართულ პოზიციებს ერთდროულად 28 რუსული მოიერიშე ავიაგამანადგურებელი უტევდა. მოსკოვი კი უკვე სს-21 "ტოჩკა" და სს-26 "ისკანდერის" რაკეტებსაც იყენებდა.

 


ყველაზე პირველი, ალბათ, კონდოლიზა რაისი მიხვდა, რომ რუსეთს სურდა, საქართველო საერთოდ წაეშალა მსოფლიოს რუკიდან. მას თვალი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარმა აუხილა. რონალდ ასმუსის ცნობილი წიგნის მიხედვით, კონდოლიზა რაისი და მისი ევროპელი კოლეგები თითქმის მთელი 8-9 აგვისტოს განმავლობაში ესაუბრებოდნენ როგორც ქართულ, ასევე რუსულ მხარეს და შუამავლობას ცდილობდნენ საომარი ოპერაციების შესაჩერებლად. სააკაშვილი თანახმა იყო ცეცხლის შეწყვეტაზე და 6 აგვისტოს დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებაზე. როცა რაისი სერგეი ლავროვს ესაუბრა, თავდაპირველად ის მიესალმა კიდეც ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას და რაისს უთხრა, თუკი ქართველები ბრძოლას შეწყვეტენ, რუსეთიც საპასუხო ნაბიჯებს გადადგამსო, მაგრამ იქვე დაამატა – ამას მე მარტო ვერ გადავწყვეტო. ლავროვი ცალსახა პირობას არ იძლეოდა, რომ რუსები ცეცხლს შეწყვეტდნენ.

 


ამის შემდეგ ვლადიკავკაზში პუტინი ჩავიდა და პირადად აიღო ხელში ოპერაციის ხელმძღვანელობა. როგორც ამბობენ, გაცოფდა, როცა შეიტყო, თავდაპირველად როგორ გაუჭირდათ რუსებს ცხინვალის აღება, როგორ განადგურდა როკის გვირაბიდან გამოსული რუსული ტანკები და სხვა აღჭურვილობა. განსაკუთრებით კი 9 აგვისტოს დილით, 58-ე არმიის მეთაურზე, გენერალ ანატოლი ხრულიოვზე განხორციელებულმა თავდასხმამ და მისმა დაჭრამ გაამწარა: ქართული ძალები ხრულიოვის კოლონას ჩაუსაფრდნენ, პირველი კოლონა (რომელშიც ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ) მაშინ, როცა ის კვერნეთის გზით ცხინვალის "სამხრეთ ქალაქისკენ" მიემართებოდა, მოულოდნელად გადააწყდა ქართულ სამხედრო მობილურ დაჯგუფებას. ეს იყო მე-2 ბრიგადის სადაზვერვო ასეული. რუსულმა მხარემ ალბათ არ იცოდა ზემოთ ხსენებული გადაჯგუფების შესახებ (შსს-ს ძალებისა და 42-ე ბატალიონის გაყვანის შემდეგ ხეთაგუროვო-ზემო ნიქოზის ფრონტზე სენაკის მე-2 ბრიგადის შენაერთები ღამით შეიყვანეს). სწორედ ამიტომ რუსი გენერლისათვის, რომელიც ავტომანქანა "უაზით" მშვიდად მიემართებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა თურქული "ლენდროვერებით" ქართული სპეცნაწილების გამოჩენა.

 


მათ შორის ბრძოლა სავარაუდოდ 11:00 საათისთვის გაიმართა. ეს მოხდა "შანხაის" დასახლებაში, რუსული სამშვიდობო ბაზიდან ჩრდილოეთით, 300-500 მეტრის დაშორებით. ქართულმა სადაზვერვო ასეულმა ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა რუსულ სამხედრო კოლონას, რომელიც ორი ასეულისგან შედგებოდა. როგორც ტელეარხ "როსიას" კორესპონდენტი აღწერს: "ეს იყო კონტაქტი 5, შესაძლოა 10 ან 20 მეტრის სიახლოვეში. მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ, საათ-ნახევარი გაგრძელდა. მანქანაშივე დაიჭრა თავად 58-ე არმიის სარდალი გენერალი ხრულოვი. ამ ბრძოლაში 22 რუსული სამხედრო მანქანიდან 5 დაიწვა (3 ბე-ტე-ერი და 2 ტანკი), დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობით იყვნენ დაჭრილებიც. მოულოდნელობისგან რუსი ჯარისკაცები გაქცევით ცდილობდნენ თავის დაღწევას. დანაკარგების გამო კოლონა იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო ზემო ქალაქისაკენ. დანაკარგი იყო ქართულ მხარესაც".

 


9 აგვისტოს, ხრულოვის მეორე კოლონიდანაც, რომელიც ძარის გზით მიემართებოდა ცხინვალისკენ, ქართველთა საარტილერიო ცეცხლით განადგურდა 135-ე პოლკის 4 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ნაღმმტყორცნთა ბატარეის 2 "გაზ-66″.

 


რუსმა ჟურნალისტმა ისიც კი აღწერა, გვამებით გარშემორტყმული გენერალი როგორ ფხოჭნის თითებით მიწას და ღრიალებს – ამათი დედაც, თითქმის მთელი ბატალიონი გამიწყვიტესო… ცხადია, ასეთი ხატის შექმნა კრემლს დიდად არ ეამებოდა.

 


პუტინის ჩასვლამ უფრო აგრესიული გახადა რუსეთის სამხედრო კამპანია. რუსეთის პრემიერმა 58-ე არმიის ნაცვლად ოპერაციაში წამყვანი როლი ფსკოვის 78-ე სადესანტო დივიზიას დააკისრა და რუსეთის არმიის ელიტური ნაწილების მობილიზაცია გამოაცხადა. მან ასევე ბრძანა საქართველოს წინააღმდეგ საჰაერო კამპანიის გაძლიერებაც.

 


10 აგვისტოს თბილისმა დაზვერვის ცნობა მიიღო, რომ მოსკოვი მეორე ფრონტის გახსნასაც აპირებდა აფხაზეთში, სადაც დიდი სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი. ამავდროულად, რუსული საზღვაო დესანტი ოჩამჩირეში იქნა გადმოსხმული. ახლაგარემონტებული რკინიგზით ვოლგოგრადიდან სოხუმში 22-ე მოტომსროლელი დივიზიაც შევიდა, ხოლო მე-7 საჰაერო-სადესანტო სივიზიის ნაწილები კი სოხუმის აეროპორტში გადმოსხეს. რუსეთმა, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 20 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი აფხაზეთში. 10 აგვისტოს რუსულმა ჯავშანკოლონამ ენგურის ხიდი გადმოიარა და დასავლეთ საქართველოში შემოვიდა. ქართველებმა უბრძოლველად დაიხიეს უკან. რუსებმა ზუგდიდი, ფოთის პორტი და სენაკის ბაზა დაიკავეს.

 


9 აგვისტოს საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პენტაგონიდან ტელეფონით აცნობეს, რომ მოსკოვიდან 6 რუსული ბომდამშენი აფრინდა და საქართველოს მიმართულებით აიღო გეზი. ასევე გააფრთხილეს, რომ ეს ბომბდამშენები დაახლოებით 22 წუთში უნდა გამოჩენილიყვნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში. როცა ქართველებმა მონაცემები გადაამოწმეს, მიხვდნენ, რომ სამიზნე – თბილისი იყო.

 


ამასობაში დენის ფრიდმა მიმდინარე მოვლენების ბოლო შეფასებებიც მიიღო საქართველოში ამერიკის ელჩ ტეფტისგან. უკვე შაბათ დილით ტეფტი მიხვდა, რომ რუსეთის მიზანი სამხრეთ ოსეთის წაგლეჯა და დაღუპული რუსი სამშვიდობოების გამო შურისძიება არ იყო. როცა რუსეთმა ქართული პორტებისა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სამიზნეების დაბომბვა დაიწყო, ტეფტმა იაზრა, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად კეთდებოდა. როკის გვირაბიდან შემოსული და აფხაზეთში თავმოყრილი რუსული ძალები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ამ ვარაუდის მართებულობას. როცა ელჩი თავის თანამშრომლებთან ერთად ამ ინფორმაციის დამუშავებას შეუდგა, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს სრულფასოვანი ომი იყო.

 


მოსკოვს საერთოდ საქართველოს წაშლა სურდა რუკიდან! ტეფტმა ვაშინგტონში შეტყობინება აფრინა...

 


10 აგვისტოს ქართულ შენაერთებს უკანდახევა და ცხინვალის სამხრეთ მისადგომებთან გამაგრება ებრძანათ. ისინი აქაც განუწყვეტელი თავდასხმების ობიექტები იყვნენ – შვეულმფრენებით, ავიაგამანადგურებლებით და ზემოთხსენებული ბალისტიკური რაკეტებით. სწორედ ამ დროს გახდა ვაშინგტონისთვის ცხადი, რომ რუსეთი მხოლოდ სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას კი არ ლამობდა, არამედ საქართველოს ინფრასტრუქტურის სრული მოშლით, ქვეყნის დანგრევას აპირებდა. იმავე დილით სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს მისმა თანაშემწემ, ბრაიზამ აცნობა – რუსული სამხედრო თავდასხმა საქართველოს სრული განადგურებით ემუქრებაო.

 


ბრაიზას ცნობის შემდეგ კონდოლიზა რაისი საწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთის სგარეო საქმეთა მინისტრს და სწორედ ეს საუბარი იქცა შემობრუნების წერტილად ვაშინგტონისეულ შეფასებებში.

 


ლავროვმა არა მარტო საქართველოს შეარაღებული ძალების ყაზარმებში დაბრუნება და თბილისის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის განცხადების გაკეთება მოითხოვა, არამედ ომის დამთავრების წინაპირობად სააკაშვილის გადადგომაც პირველად დააყენა. ანუ, მოსკოვის მიზანი რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით საჯაროდ გაცხადდა. რაისმა ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ხოლო როცა ლავროვმა ამ საუბრის კონფიდენციალურობაზე გადაუკრა სიტყვა, რაისმა უპასუხა: "აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არ შეიძლება იმართებოდეს კონფიდენციალური საუბრები რომელიმე ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაზე. ვაპირებ ყველას ვუთხრა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი საქართველოს ხელისუფლების დამხობას ისახავს მიზნად!"

 


ლავროვი ამ სიტყვებმა ლამის იყო წყობიდან გამოიყვანა. რაისმა კი მართლაც გადაურეკა თავის რამდენიმე ევროპელ კოლეგას და ლავროვთან ლაპარაკის შინაარსი გააცნო. ცოტა მოგვიანებით, აშშ-ს თხოვნით გაეროს უსაფრთხოების საბჭო იქნა მოწვეული, სადაც რუსეთის ელჩის პროტესტის მიუხედავად, აშშ-ის ელჩმა გაეროში ზალმაი ჰალილზადმა საჯაროდ განაცხადა – რუსული მხარე დამოუკიდებელ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას ლამობსო...

 

რონალდ ა. ასმუსის წიგნის "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა" მიხედვით.

 

მოამზადა ლაშა ბერულავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !