
კიეველმა ინტერნეტმომხმარებლებმა სოციალურ ქსელში კიევის ცენტრში გამოჩენილი ავტომანქანის ფოტო გაავრცელეს და ქვეყნის უშიშროების სამსახურს მიმართეს.
„პირდაპირ კრეშატნიკზე, მაიდანზე, თანაც, ტროტუარზე თავხედურად დგას მანქანა, რომელსაც არაღიარებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ნომრები აქვს. ეს რეგიონი საქართველოს ნაწილია, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ან პროვოკაციაა, ან მინსკის შეთანხმებით იქნებ ვაღიარეთ კიდეც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები?
მე ამ მანქანისთვის ყურადღების მიქცევა პოლიციას ვთხოვე - შედეგი ჯერ გაურკვეველია. ჩემი აზრით, ამ ნომრებისთვის, რომელიც არაა აღიარებული და ყალბად ითვლება, მძღოლს, მინიმუმ, ჯარიმა და საჯარიმოზე მანქანის გადაყვანა ეკუთვნის.
ასევე, მაქვს შეკითხვა უკრაინის უშიშროების სამსახურთან: სად იყურებიან, რომ ასეთი რამ კიევის ცენტრში დაუშვეს? ხვალ აქ ЛНР-ისა (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა) და ДНР (დონეცკის სახლხო რესპუბლიკა) ნომრიან მანქანებს დააყენებენ...“, - წერს პაველ ლუგა.