
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი, ე. წ. პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ საქართველოში „საზღვრებთან დაკავშირებით დაწყებული ისტერია ავადმყოფობის საზაფხულო გართულებაა“.
მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში „ექსტრემისტებმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან“ დაამტვრიეს და დააზიანეს „სამხრეთ ოსეთის სასაზრღვრო სამსახურის მიერ დადგმული სამი საინფორმაციო დაფა“. ჯიოევის თქმით, სამივე დაფა განთავსებული იყო „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, საზღვრამდე 50 მეტრში.
ჯიოევის განცხადებით, ინციდენტები ორჭოსანსა და წითელუბანში მოხდა და ეს ქმედებები წარმოადგენს „ხულიგნურ და პროვოკაციულ მოქმედებას, რომელსაც თან ახლავს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის ფაქტი“.
ამავე დროს, ჯიოევი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს პროვოკაციული ნაბიჯები ანტირუსული ისტერიის დასაწყებად გამოიყენა. მისი თქმით, ეს ავადმყოფობის სეზონური, საზაფხულო გართულებაა, რადგან წინა წლებშიც ზუსტა იგივე ხდებოდა სხვა სოფლებში: დიცში, დვანსა და გოგეთში.
ჯიოევი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები და მესაზღვრეები, რომლებიც იცავენ „სახელმწიფო საზღვარს“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არ მონაწილეობენ საზღვრების მონიშვნისა და დაფების განთავსების პროცესში, შესაბამისად, მათი მისამართით გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა.