-
2015-05-19 01:45
გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, ხოლო შემდეგ 58-ე არმიის მეთაური იყო, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალური შტაბის უფროსი გახდა.
დანიშვნის შესახებ „აფსნიპრესი“ იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, ე.წ. პრეზიდენტს გენშტაბის ახალი მეთაური თავდაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.
ანატოლი ხრულიოვმა მის წინაშე მდგარი ამოცანების პირნათლად შესრულების პირობა დადო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
გენერალ-ლეიტენანტი ხრულიოვი 2009 წელს გადააყენეს. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობისთვისაც.
2008 წლის აგვისტოში ანატოლი ხრულიოვი მძიმედ დაიჭრა და ვლადიკავკაზის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეს ეპიზოდო რონალდ ასმუსმა რუს ჟურნალისტებზე და სხვა თვითმხილველებზე დაყრდნობით თავის წიგნში „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ აღწერა:
"ვლადიმირ პუტინი, განსაკუთრებით, 9 აგვისტოს დილით, 58-ე არმიის მეთაურზე, გენერალ ანატოლი ხრულიოვზე განხორციელებულმა თავდასხმამ და მისმა დაჭრამ გაამწარა: ქართული ძალები ხრულიოვის კოლონას ჩაუსაფრდნენ, პირველი კოლონა (რომელშიც ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ) მაშინ, როცა ის კვერნეთის გზით ცხინვალის “სამხრეთ ქალაქისკენ” მიემართებოდა, მოულოდნელად გადააწყდა ქართულ სამხედრო მობილურ დაჯგუფებას.
ეს იყო მე-2 ბრიგადის სადაზვერვო ასეული. რუსულმა მხარემ ალბათ არ იცოდა ზემოთ ხსენებული გადაჯგუფების შესახებ (შსს-ს ძალებისა და 42-ე ბატალიონის გაყვანის შემდეგ ხეთაგუროვო-ზემო ნიქოზის ფრონტზე სენაკის მე-2 ბრიგადის შენაერთები ღამით შეიყვანეს). სწორედ ამიტომ რუსი გენერლისათვის, რომელიც ავტომანქანა “უაზით” მშვიდად მიემართებოდა, მოულოდნელი აღმოჩნდა თურქული “ლენდროვერებით” ქართული სპეცნაწილების გამოჩენა.
მათ შორის ბრძოლა სავარაუდოდ 11:00 საათისთვის გაიმართა. ეს მოხდა “შანხაის” დასახლებაში, რუსული სამშვიდობო ბაზიდან ჩრდილოეთით, 300-500 მეტრის დაშორებით. ქართულმა სადაზვერვო ასეულმა ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა რუსულ სამხედრო კოლონას, რომელიც ორი ასეულისგან შედგებოდა. როგორც ტელეარხ “როსიას” კორესპონდენტი აღწერს:
“ეს იყო კონტაქტი 5, შესაძლოა 10 ან 20 მეტრის სიახლოვეში. მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ, საათ-ნახევარი გაგრძელდა. მანქანაშივე დაიჭრა თავად 58-ე არმიის სარდალი გენერალი ხრულოვი. ამ ბრძოლაში 22 რუსული სამხედრო მანქანიდან 5 დაიწვა (3 ბე-ტე-ერი და 2 ტანკი), დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობით იყვნენ დაჭრილებიც. მოულოდნელობისგან რუსი ჯარისკაცები გაქცევით ცდილობდნენ თავის დაღწევას. დანაკარგების გამო კოლონა იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო ზემო ქალაქისაკენ. დანაკარგი იყო ქართულ მხარესაც”.
9 აგვისტოს, ხრულოვის მეორე კოლონიდანაც, რომელიც ძარის გზით მიემართებოდა ცხინვალისკენ, ქართველთა საარტილერიო ცეცხლით განადგურდა 135-ე პოლკის 4 ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ნაღმმტყორცნთა ბატარეის 2 “გაზ-66″.
რუსმა ჟურნალისტმა ისიც კი აღწერა, გვამებით გარშემორტყმული გენერალი როგორ ფხოჭნის თითებით მიწას და ღრიალებს – ამათი დედაც, თითქმის მთელი ბატალიონი გამიწყვიტესო…” (რონალდ ასმუსი: „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“).