-
2015-02-13 01:09
ვოლგოგრადთან, კარპოვის წყალსაცავის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ Су-24МР-ში მჯდარი ორი პილოტის ცხედრები ნაპოვნია. მათგან ერთი, ვიცე-პოლკოვნიკი იგორ კუკარცევი 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში და ჩეჩნეთის ორივე სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა, მიღებული აქვს ჯილდოები.
მასთან ერთად დაიღუპა ანატოლი ვოლოსკოვი, რომელიც სასწავლო ფრენას ასრულებდა. რაც შეეხება კუკარცევს, მან სამხედრო სავალდებულო სამსახურიც საქართველოში მოიხადა, ხოლო შემდეგ საქართველოში მდებარე ერთერთ პოლკში მსახურობდა, ასრულებდა ფრენებს დიდი შირაქის აეროდრომიდან.
2008 წლის ომის დროს კუკარცევის დანიშნულება მოწინააღმდეგისთვის თვალყურის დევნება და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების აღმოჩენა იყო. სადაზვერვო თვითმფრინავი Су-24МР აღჭურვილია აეროფოტოაპარატებით, აქვს ასევე ინფრაწითელი დასხივების სისტემა. შეუძლია სადაზვერვო დანიშნულების სურათის მიღება კურსის ყველა მხარეს, 24 კმ-ის მანძილზე.
კატასტროფის მიზეზი უცნობია. ჩამოვარდნისას მფრინავების კაბინა მიწის სიღრმეში, 7 მეტრით აღმოჩნდა ჩაფლული. პიოტთა ცხედრები უკვე იპოვეს, მოხდა მათი იდენტიფიცირებაც.
2008 წლის შემდეგ კუკარცევი მესამე რუსი სამხედრო პილოტია მათ შორის, ვინც საქართველოსთან ომში მონაწილეობდნენ და დღემდე სხვადასხვა სახის კატასტროფაში დაიღუპნენ.