-
2015-02-12 23:24
აფხაზურ ფორუმებზე პოპულარულია ვიდეორგოლი, რომელიც აფხაზეთში საომარი დაპირისპირების ეპიზოდს ასახვს და სადაც შეიარაღებული პირები, სავარაუდოდ, ქართველები, საშუალო ასაკს გადაცილებულ მამაკაცს მისსავე ეზოში კლავენ.
დახვრეტის მოტივად აღებული გარემოება ბანალურია - მამაკაცი მის სახლში იარაღით შემოჭრილებს პასუხობს, რომ მისი სახლი აფხაზთა მიწაზე დგას, რის შემდეგაც ისინი მას ეზოში ესვრიან, ამას კი შეიარაღებულთათვის შეუმჩნევლად ადევნებს თვალს მანამდე აფხაზი მამაკაცის მიერ გადამალული შვილიშვილი.
ვიდეორგოლი აფხაზურ ფორუმებზე ტრიალებს და აქტიურად ზიარდება "ფეისბუქზე", ასევე სოციალური ქსელების სხვა სეგმენტებზე. ტიტრების მიხედვით, მონტაჟი ვლადიმირ ხოტინენკოსა და სებასტიან ალარკონისაა, რეჟისორი ამინა ქვარჩია გახლავთ, ოპერატორი ჯანიკო წურწუმია. ვიდეორგოლში მონაწილეობენ მსახიობები ლეონიდ ხიშბა, დათო ჭეჟია, ინალ ავიძბა, ფელიქს ტარბა, ზურაბ ხუბუტია.
შეგახსენებთ, რომ ამ ვიდეორგოლის ინტერნეტპოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ეკრანებზე "მანდარინები" გამოვიდა. ამას გარდა, ზუგდიდში დადგეს სპექტაკლი და გადაიღეს ფილმი, სადაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მეგობრობაა აღწერილი. ფილმი აფხაზურ ენაზეცაა დუბლირებული და გარკვეული დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სოხუმშიც.
რაც შეეხება ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლს, ის, ძირითადად, რადიკალურად განწყობილი ინტერნეტმომხმარებლების მიერ არის მოწონებული და გაზიარებული, თუმცა იმ აფხაზ ინტერნეტმომხმარებლებს, რომლებიც რგოლში შუღლის გაღვივების მცდელობას ხედავენ და მის პათოსს არ ეთანხმებიან, რადიკალები მწვავე კომენტარებს უწერენ და "თბილისის აგენტებს" უწოდებენ.