-
2014-02-01 23:50
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ რეჩხის ეკლესიაში აფხაზურმა ადმინისტრაციამ რუსული სასულიერო ლიტერატურის შეტანა და ქართველის პარალელურად, რუსი ეროვნების სასულიერო პირის შეყვანა ვერ მოახერხა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ამის მცდელობა აფხაზურ ადმინისტრაციას რამდენჯერმე ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზად ის დასახელდა, რომ ენგურჰესის გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემთხვევაში გალში რუსი ენერგეტიკოსები ჩამოვლენ და იმის გათვალისწინებით, რომ კარგა ხანს მოუწევთ აფხაზეთში ყოფნა, სასურველი იქნებოდა, კვირაში ერთხელ ეკლესიაში ღვთისმსახურება რუსულ ენაზე აღვლენილიყო.
ამით აიხსნებოდა რუსული სასულიერო ლიტერატურის შეტანის სურვილიც. თუმცა, ადგილობრივმა ქართულმა მოსახლეობამ კატეგორიული უარი განაცხადა. ჩვენი ინფორმაციით, საკითხი გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში ჯერ დახურული წესით, სოფელ რეჩხის რამდენიმე ცნობილი და ანგარიშგასაწევი პირის თანდასწრებით განიხილეს, რომლებმაც შიში გამოთქვეს, რომ ეს მცდელობა არათუ კრახით დასრულდებოდა, უკმაყოფილებასაც გამოიწვევდა. ამის შემდეგ საკითხის განხილვა დაიბლოკა.


