-
2014-12-30 03:57
შს სამინისტრის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შალვა ენუქიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ გატაცებული პაატა თოდუა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია, თუმცა, სად იმყოფება ის ამჟამად, ინფორმაციას არ ფლობს.
ამავე დროს, ენუქიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ პაატა თოდუა სპეცრაზმელია. მისი თქმით, ის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანა „კამაზის“ მძღოლია. ენუქიძე გატაცების დეტალებსაც აკონკრეტებს.
მისი თქმით, თოდუა ენგურის ხიდს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ოჩამჩირეში მცხოვრები მამისგან საახალწლო ნობათს ელოდა, რა დროსაც ის აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ენუქიძის თქმით, მოლაპარაკების პროცესი თოდუას ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი გათავისუფლების მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მიისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.