
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს საქართველოს რეგიონს - აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას.
"ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. შეთანხმებას კავშირისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც ხელი საქართველოს რეგიონმა აფხაზეთმა და რუსეთმა 24 ნოემბერს მოაწერეს.
ეს ე.წ. შეთანხმება ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან დარეგულირებას, პირიქით, ის არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ღიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთოს პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგედოების წინაშე რუსეთის მხრიდან ნაკისრ ვალდებულებებს.
ჩვენ ისევ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და გაიყვანოს საჯარისო ნაწილები საქართველოდან." - განცხადება ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.