-
2014-11-22 03:04
აფხაზებსა და რუსებს შორის „განხეთქილების ვაშლად“ ქცეული გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს მდებარეობს, ისევ იქცა განხილვის საგნად.
სოფლის ნაწილს, რომელიც სოჭის მხარესაა მოქცეული (აიბღას მდინარე ფსოუ შუაზე კვეთს), რუსეთი იჩემებს, მაშინ როცა აფხაზები აცხადებენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა.
აიბღას თემა 2010 წელს გააქტიურდა. რუსული საინფორმაციო პოლიტიკა, კერძოდ, მედიაში, მიმართული იყო იქეთკენ, რომ ფართოდ გაშუქებულიყო სოფელ აიბღას მცხოვრებთა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზებისაგან შევიწროებულები, ისინი სოფელში კრემლის იურისდიქციის დამყარებას ითხოვდნენ.
ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ 2010 წლიდან არსებობს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მომუშავე რუსულ-აფხაზური ორმხრივი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე და შეთანხმებამდე არ მიმართონ ისეთ ცალმხრივ ქმედებებს, რომლებიც დააზარალებენ მოლაპრაკაებატა პროცესს.
ამის მიუხედავად, სოჭის მერმა ანატოლი პახომოვმა, სოფელ აიბღაში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ სოჭის მერია სოფელში საკომუნიკაციო და სხვა ობიექტების აღდგენას დაიწყებს და ხაზი გაუსვა, რომ აიბღა ქალაქ-კურორტ სოჭის შემადგენლობაში შედის.
დღეს სოხუმში გამართულ თვითგამოცხადებული პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა სოჭის მერის ეს ქმედება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ის არღვევს ადრე მიღწეულ შეთანხმებებს. დეპუტატებმა მიიღეს დადგენილება, რითაც დელიმიტაციის კომისიის თავმჯდომარეს ვადიმ პოსტნევს მოუწოდებენ, მიიღონ ზომები მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად.
ამასთან, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას დაევალა, რუსული მედიასაშუალებებისგან მოითხოვოს დეზინფორმაციის უარყოფა. ამავე დროს, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების მინისტრს ზურაბ მარღანიას დაავალეს, გაამკაცროს კონტროლი აიბღას მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის კუთხით.