
"ლიბერალი" უზენაესი სასამართლოს სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს შსს-ს ალტერნატიულ სტატისტიკას კრიმინალის შესახებ. უზენაესი სასამართლოს მონაცემების მიხედვით, სტატისტიკა მკვეთრად განსხვავებულია შსს-ს მიერ წარმოდგენილისგან.
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში დანაშაულის 17 458 ფაქტი დაფიქსირდა.
გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა 17,05%-ით იკლო, რადგან შარშან ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 21 046-ს უტოლდებოდა.
სტატისტიკის თანახმად, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 8,57%-ით შემცირდა. აქედან, 2014 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში განზრახ მკვლელობის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული) 55 შემთხვევა დაფიქსირდა.
გასული წლის ამავე პერიოდში განზრახ მკვლელობის 58 ფაქტის არსებობა კი მიუთითებს, რომ წინა წელთან შედარებით, აღნიშნული დანაშაულის რაოდენობა 5,17%-ით შემცირდა.
კრიმინოგენური მდგომარეობის შეფასებისას, ოფიციალური პირები, ძირითადად, სწორედ, შსს-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით საუბრობენ.
რაც შეეხება სტატისტიკის ალტერნატიულ წყაროებს, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემებით, რომელშიც სისხლის სამართლებრივ საქმეთა განხილვის მონაცემებია აღნიშნული, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში სასამართლომ 9 976 პირის 8 838 საქმე განიხილა, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში - 8 338 პირის 7 045 საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ განხილულ საქმეთა რაოდენობა 25,5%-ით გაიზარდა.
ამავე უწყების სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 9 615 პირს შეადგენდა, მათგან 37,6%-ს (3 617 პირს) თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს;
2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა იყო 7 782, რომელთაგან თავისუფლების აღკვეთა 25,8%-ს -2005 პირს მიუსაჯეს.