-
2014-09-03 21:34
საქართველოს სინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ „კურიერში“ ჩართვის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება გაუარესებული არ არის.
მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურად დაკავება ამ თემით და მედიაში მისი გაშუქება იმის მაჩვენებელი კი არ არის, რომ კრიმინალური ფონია გაუარესებული, არამედ იმის, რომ „დემოკრატიულმა საზოგადოებამ მაქსიმალური გამჭვირვალობა მოიტანა, დანაშაული არ იმალება და შუქდება“.
„მეტსაც გეტყვით, მაგალითად, ივლისში ჩვენ გვქონდა ერთი მკვლელობა და ისიც გახსნილია, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო წლებში. მკვლელობათა რაოდენობა 6-დან 13-დე მერყეობს და ეს სტაბილურად ასეა წლების განმავლობაში, ხოლო ივლისი, როგორც მოგახსენეთ, გამონაკლისი იყო“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
„კურიერის“ ერთერთი წამყვანის ზაალ უდუმაშვილის შეკითხვაზე, რატომ მოჰყავს შესადარებლად 2011 წელი, ლევან იზორიამ უპასუხა: „რომელი წელიც გინდათ, ის წელი აიღეთ“.
„აფხაზეთის ხმამ“ „საქსტატის“ მონაცემებში გადაამოწმა 2012 წლის აგვისტოს მონაცემები მკვლელობათა რაოდენობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ მთელი თვის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 8 მკვლელობა იყო ჩადენილი.
მინისტრის მოადგილემ აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის მკვლელობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. „მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო სამუშაოები მისი დაკავების მიზნით. აქვე გეტყვით, რომ სოციალურ ქსელში ბევრი ჭორი ვრცელდება, მათ შორის ეჭვმიტანილის ვითომდა სხვადასხვა პირებთან ნათესაობის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არანაირი მსგავსი არ ხდება, მიმდინარეობს სამუშაოები“.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ირაკლი ალასანიას მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ გაავრცელა სტატუსი, სადაც წერს, რომ მას პიროვნებამ ტირილით დაურეკა და უთხრა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია დემონსტრაციულად არ აპატიმრებს, რადგან ის ლექსო ჭიკაიძის ნათესავია, სამაგიეროდ, მის ძმაკაცებს აკავებენ და სცემენ.