-
2014-05-09 19:35
საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი-2“-ის დირექტორმა და მისმა ორმა მოადგილემ, პროკურატურის განცხადების პასუხად განაცხადეს, რომ გასაჯაროებულ კადრებში მითითებულ დროს ოფისში მართლაც იყვნენ სპეციალისტები, რომლებმაც შეამოწმეს, იყო თუ არა ოფისში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები.
ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, რომ პროკურატურის მეშვეობით დაასახელა იმ აგენტების ვინაობა, რომლებიც „რუსთავი-2“-ში თვალთვალს კურირებდნენ. გვარამიას თქმით, ესენი იყვნენ სწორედ პროკურატურისთვის ჩვენების მიმცემი კოვზიაშვილი და ასევე, დამლაგებელთა ცვლის თავმჯდომარე კევლიშვილი, რომელთაც ხელი მიუწვდებოდათ ყველა ოთახზე.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს ორი ადამიანი ტელეკომპანიაში დატოვა უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ბუნტურიძემ, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და „რუსთავი-2“-დან 2012 წლის დეკემბერში, პრაქტიკულად დაუმშვიდობებლად წავიდა.
„ამ ადამიანის - ბუნტურიძის დავალებით მოქმედებდა ეს ორი თანამშრომელი, კოვზიაშვილი და კევლიშვილი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ბუნტურიძის მფლობელობაში დიდი ქონება გაჩნდა და საინტერესო იქნება, ეს როგორ მოახერხა. თავდაპირველად ის ამბობდა, რომ საპატრიარქოში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იყო“, - აღნიშნა გვარამიამ.
„კოვზიაშვილმა, რომელიც იყო აქ აგენტი, გადაიღო შემოწმების ეს კადრები და შეინახა, რათა შემდეგ ხელ-ფეხი გახსნოდა და გაეკეთებინა ის, რაც უნდოდა, ეს კადრები კი ალიბად ჰქონოდა. შემოწმების დროს ოთახებში სათვალთვალო კამერები არ აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ ისინი, სავარაუდოდ, კოვზიაშვილმა დაამონტაჟა“, - ამბობს „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი.
საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის განცხადებით, შემოწმება დღისით-მზისით, თითქმის ყველა თანამშრომლის თვალწინ მოხდა და შემოწმების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ნიკა გვარამია დაკავებული იყო, ხოლო გამოძიებამ მისი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა:
„ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამიას ოთახიც ისმინებოდა, დამფუძნებელთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ მოიყვანდნენ სპეციალისტებს და შემომოწმდებოდა ოთახები, რაც მოხდა კიდეც“.
დირექტორის მოადგილემ დუდუ კურდღელიამ განაცხადა, რომ ის თან დაჰყვებოდა შემმოწმებლებს ყველა ოთახში და მათ ოფისი საფუძვლიანად შეამოწმეს:
„შემოწმდა კედლები, საეჭვო ადგილები, გაიხსნა ყველა კომპიუტერი, რაც ოთახებში იყო და ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა“, - თქვა მან.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უკვე მისთვის ნათელია პასუხი კითხვაზე - ვინ დაამონტაჟა კამერები:
„მე არ დამიდანაშაულებია შსს და არ მითქვამს, რომ ეს მათი გაკეთებული იყო, მე ვთქვი, რომ არსებობს წყარო, რომელმაც ეს კადრები მოგვაწოდა და ის გვეუბნება, რომ ეს შსს-მ გააკეთა. პირველ რიგში მე ვიყავი დაინტერესებული გამეგო, როდის დამონტაჟდა ეს კამერები, ვინ გვისმენდა და გვიყურებდა და დღეს რაც მოხდა, იქედან დასკვნა ნათელია, რომ არავითარი წინა ხელისუფლების დამონტაჟებული არ არის: დიახაც, ამჟამინდელმა ხელსიუფლებამ დაამონტაჟა, მისი აგენტების ბუნტურიძის, კოვზიაშვილისა და კევლიშვილის მეშვეობით“, - აცხადებს „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი.
მისი თქმით, საოცარი იყო ისიც, რომ ორი საათის განმავლობაში დღეს პროკურატურაში არანაირი შეკითხვა ამ კადრებთან დაკავშირებით არ დაუსვამთ, რის გამოც გვარამია აცხადებს, რომ მათ საქმე აქვთ ორ პროკურატურასთან:
"დღეს საქმე გვაქვს ორ პროკურატურასთან. ერთი არის ის, რომელიც კარგად მუშაობს და კანონის შესაბამისად, ცდილობს გამოიძიოს ეს საქმე და მეორეა პროკურატურა, რომელიც პირდაპირ პრემიერის მიერ დაწერილი სცენარის მიხედვით აკეთებს განცხადებებს; პრემიერისა, რომელმაც კადრების აღმოჩენის პირველსავე დღეს განაცხადა, რომ ჩვენ იმპროვიზაციას ვახდენთ ამ კადრებით, ხოლო უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შემოგვიბრუნდებოდა უკან და რომ ისეთ რაღაცას დაგვიდებდნენ, რაც ჩვენთვის იქნებოდა უარესი და მართლაც, ეს არის კარგად მომზადებული "ღონისძიება", რომელიც შესაძლოა, შემოგვბრუნებოდა კიდეც უკან, რომ არა თანამშრომელთა ერთსულოვნება, ასე რომ, ხელისუფლების სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევა არ არის", - ამბობს ნიკა გვარამია.
გთავაზობთ კადრებს, რომლებიც პროკურატურამ გაასაჯაროვა: