
"14 ივლისის "მარშიანელებზე" და არა მხოლოდ..." - ამ სახელწოდებით აქვეყნებს ჟურნალისტი და სააგენტო "ჯიეიჩენის" დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა ჩანაწერს, სადაც მოჰყავს სტატისტიკა, სექსუალური ძალადობისა და გარყვნილი ქმედებების კუთხით საქართველოს მოქალაქეების, ძირითადად, ეთნიკური ქართველების მიერ ბოლო წლებში ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
შეგახსენებთ, 14 ივლისს ე.წ. ქართველთა მარში თბილისში, აღმაშენებლის გამზირზეა დაგეგმილი. მარშის ორგანიზატორები სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი და მოძრაობა "ეროვნულების" წევრები არიან.
პარალელურად, "ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტების ინიციატივით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან, მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას გამართავენ ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები.
შაბათს, გადაცემაში "განსხვავებული აქცენტები", გადაცემის წამყვანის შეკითხვის პასუხად, რას იტყვის იმ ეთნიკურ ქართველებზე, რომლებიც უცხოეთში და საქართველოშიც ჩადიან დანაშაულს, მათ შორის, სექსუალური ძალადობის ნიშნით, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ "ქართველები ამ ტიპის დანაშაულს არ ჩადიან". მისი თქმით, "ქართველები არ აუპატიურებენ ბავშვებს, არ ძალადობენ".
გოჩა მირცხულავას ჩანაწერში ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში ჩადენილი იმ სექსუალური ხასიათის დანაშაულზეა მოთხრობილი, რომლებიც განსაკუთრებით გახმაურდა და მედიაში მოხვდა. გოჩა მირცხულავას სათაურები და შესაბამისი ბმულები მოჰყავს:
"29-05-2014 - მამას 15 წლის ქალიშვილის გაუპატიურების მცდელობაში ედება ბრალი...
- 15.07. 2013 - ადიგენში, მამა-შვილმა საკუთარი მცირეწლოვანი ნათლული გააუპატიურეს
- 22/12/2016 - არასრულწლოვანმა ბიჭმა, სავარაუდოდ, თანატოლებზე სექსუალურად იძალადა
- 3. 07.2015. - ერთ თვეში 2 მცირეწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს
- 04.06. 2015. - ზესტაფონში 10 წლის გოგონა 42 წლის მეზობელმა გააუპატიურა
- 2014 წელი - პედოფილმა 14 წლის მოზარდს ჯერ ბინა წაართვა, შემდეგ კი მასზე იძალადა
და აგერ, სულ ახალი მასალაც - რომლის შეფასებით სათაურსაც შეგნებულად არ დავწერ
ამ “ნიუსს” კი თარიღი რამეში სჭირდება? – “შვილის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში მამაკაცი დააკავეს” - წერს გოჩა მირცხულავა.
მას ბოლო ორი წლის სტატისტიკური მონაცემებიც მოჰყავს:
"ყველა ამ შემთხვევაში მოძალადე ფიგურანტები ქართველები არიან:
2009 წელს 40 ფაქტი გამოვლინდა,
2010 წელს - 90;
2011 წელს -142;
2012 წელს - 208;
2013 წელს - 320;
2014 წელს - 362;
2015 წლის მხოლოდ ერთ თვეში - იანვარში - 45".